შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

2023 წლის 10 თვეში, „დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარება 180 ემიგრანტს გაეწია

2023 წლის 10 თვეში, 1-ელი იანვრიდან 23 ოქტომბრამდე, „დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარება 180 ემიგრანტს გაეწია.

როგორც “ინტერპრესნიუსს” დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო შემწეობით უზრუნველყოფის სააგენტოში განუცხადეს, პროგრამის ფარგლებში, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი სერვისების დაფინანსება: სამედიცინო მომსახურება, პროფესიული სწავლების ხელშეწყობა, დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა და სხვადასხვა თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივები.

სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პროგრამაში 847 დაბრუნებული მიგრანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 83-მა დაწესებული კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა.

ამასთან, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 650,000 ლარია და თითოეულ ბენეფიციარისთვის განსაზღვრული დაფინანსების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4000 ლარს.

„გარდა სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების, პროფესიული სწავლების ხელშეწყობისა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისა, დაბრუნებულ მიგრანტებს უფინანსდებათ სხვადასხვა თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივები (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო, სახელობო, საცხობი-საკონდიტრო და სხვა). ბენეფიციარებმა დაფინანსების ფარგლებში მიღებული ნივთები უნდა გამოიყენონ დანიშნულებისამებრ, პროექტში მითითებული მიზნების შესაბამისად“, – აცხადებენ სააგენტოში.