რომელი ნესტან-დარეჯანი მიხეილ სააკაშვილია, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას – კობახიძე

რომელი ნესტან-დარეჯანი მიხეილ სააკაშვილია, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას,- ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას – ფიქრობს თუ არა თვითონ, პრემიერ ღარიბაშვილის მსგავსად, რომ სააკაშვილის გადაყვანის შემთხვევაში, შესაძლოა მისმა ამომრჩევლებმა პატიმარი გამოიხსნან.

„მე არ მახსოვს პრემიერის მსგავსი განცხადება. რომელი ნესტან-დარეჯანი მიხეილ სააკაშვილია, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას. ამ შემთხვევაში მთავარია ადამიანის უფლებებისა და იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც პატიმართან არის დაკავშირებული. მის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას შესაბამისი უწყება, იუსტიციის სამინისტრო აიღებს. თვითონ შიმშილობაზე პატიმარია პასუხისმგებელი, მაგრამ ამ შიმშილობის გამო რაიმე გართულების შემთხვევაში, ეს არის იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, უწყება კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.

სახალხო დამცველმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს გარკვეული რისკები პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

32 ნახვა
desktop
mobile catfish