როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და სინანულს, გაიგეთ რა მდგომაროებაში ვარ — სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ როდესაც მას მეტ სინანულსა და ბოდიშს სთხოვენ, მისი მდგომარეობა უნდა გაიაზრონ. ამის შესახებ მან დღეს, 2 დეკემბერს, სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილი ამით საზოგადოების იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელმაც ის წინა სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებებისას არასაკმარისი სინანულისა და ბოდიშის გამო გააკრიტიკა.

„ბევრი მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა ჩემს წინა გამოსვლაში და მეტი სინანული. ნუ, ახლა, ვინც სიყვარულს კი არ მომიწოდებდა… გასაგებია, როდესაც ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათთვის ეს ისეთივე სინანულია, როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს და ყველა აღიარებდა თავის ბრალს და მერე ყველას ხვრეტდა თავისივე აღიარებული საჯარო ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ მე არანაირი სასინანულო არ მაქვს. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, დანარჩენ საზოგადოებასთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო.

თქვენ იცით, რომ ჩემი საპრეზიდენტო ფიცი მე დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე და დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ ეს არის ზუსტად პიროვნული პასუხისმგებლობის, მმართველის პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიების ერთმანეთთან შეწონა და აწონა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება და ფიქრი იმაზე, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად.

გარწმუნებთ, ეს რეფლექსია მე მთელი ეს წლებია მაქვს და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი, მაგრამ დავით აღმაშენებელს „გალობანი სინანულისანი“ არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობიდან. ის არ მოხვედრილა თურქ-სელჩუკების ტყვეობაში და მათი სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში. მე რუსული სისტემის პირადი პატიმარი ვარ. როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ რა მდგომარეობაში ვარ“, — განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მას საზოგადოებასთან ღია დისკუსია სურს და საქართველოშიც ამისთვის ჩამოვიდა. როგორც სააკაშვილი ამბობს, ის მზადაა საზოგადოების პრეტენზიების მოსასმენად.

„მეგობრებო, ვინც კმაყოფილი ხართ ჩემი წინა გამოსვლით, ვინც ჩემს ბოდიშს გულწრფელად, არაგულწრფელად ან არასაკმარისად მიიჩნევთ, ვინც მიიჩნევთ, რომ ჩემი აღიარება დაშვებულ შეცდომებზე საკმარისია და ვისაც მიაჩნია, რომ ეს საერთოდ არ არის საკმარისი და უნდა ჩამომეთვალა ყველა სფერო, მინდა ყველას გითხრათ, მზად ვარ, მოვისმინო თქვენი ყველა პრეტენზია. მზად ვარ ვიკამათო თქვენთან, დაგეთანხმოთ და იმედი მაქვს, რომ თქვენც გაგებით მოეკიდებით და სადაც მართალი არ შეიძლება აღმოვჩნდე დამეთანხმოთ, განსხვავებით ამ სასამართლოსგან. აქ აზრი არ აქვს სიმართლის მტკიცებას. ან სადაც მართალი არ ვიქნები, მე დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის ასევე კათარსისი და განწმენდის პროცესი. ცხადია, მე ბოდიშს არავისგან ვითხოვ და ამაზე საკითხი საერთოდ არ დგას.

მაგრამ ვინც მე მასამართლებს, სამარცხვინო ბრალდებით, როგორც პიჯაკების ქურდს, იმისათვის, რომ რაღაც სამკურნალო პროცედურები გავიარე, იმისათვის, რომ ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა უმაღლეს დონეზე ყველგან, სადაც მივდიოდი და ვინც ჩამოდიოდა კარგად დახვედრა. იმიტომ, რომ ეს არის ქართველების ინსტინქტი, მაგრამ რუსებისთვის ეს გაუგებარია. ესენი რუსები არიან“, — განაცხადა სააკაშვილმა.

38 ნახვა
desktop
mobile catfish