გია ვოლსკი – შერიგებაზე ლაპარაკი არის მლიქვნელობა და რეალური გეგმების შეფუთვის მცდელობა

შერიგებაზე ლაპარაკი არის მლიქვნელობა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, რეალური გეგმების შეფუთვის მცდელობა – პიროვნული ურთიერთობების აღდგენა და ჩახუტება არ არის ის რესურსი, რაც დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს გააჩნია,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც შერიგებაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მიესალმება იმას, რომ შერიგების ფორმატში სააკაშვილი გათავისუფლდეს.

“ეროვნული შერიგება უნდა შედგეს, საჭიროა კიდეც და თაობაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების რიტორიკა შეიცვლება, ამ შემთხვევაში მრავლობით რიცხვშიც ვერ ვიტყოდი – არსებობს “ნაციონალური მოძრაობა” და მათი გეგმა დესტაბილიზაცის და რევოლუციის. ამ ვითარებაში ყოველგვარ შერიგებაზე ლაპარაკი არის მლიქვნელობა ერთი მხრივ, რომ ვინმეს თავი მოაწონო და მეორე მხრივ, რეალური გეგმების შეფუთვის საჭიროება. შერიგებას მუშაობა სჭირდება გარკვეულ საკითხებზე. პიროვნული ურთიერთობების აღდგენა, გამყარება და ჩახუტება, ეს ის რესურსი არ არის, რაც დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს გააჩნია. არსებობს კანონი, კონსტიტუცია და პოზიციები ამის ირგვლივ უნდა ჩამოყალიბდეს, რეალურად, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მიესალმება იმას, რომ ამ შერიგების ფორმატში დამნაშავე სააკაშვილი გათავისუფლებული იქნეს პასუხისმგებლობისგან, ეს არის ამოსავალი წერტილი და მთავარი თემა, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” მიჰყვება თავისი გეგმების სარეალიზაციოდ და სულ არ აინტერესებს საზოგადოებაში რა მდგომარეობა იქნება,”- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შერიგება არის საუკეთესო გამოსავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლა გამძაფრდება.

“უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, სანამ გვიანი არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!”- აღნიშნულია სააკაშვილის გზავნილში.

12 ნახვა
desktop
mobile catfish