ივანე ჩხაიძე: დეკემბერ-იანვარი ორწლიანი პანდემიისას ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოცდა იქნება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში „ომიკრონი“ გავრცელდება, გაიზრდება რეინფიცირების რიცხვიც. საკითხზე მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ომიკრონი“ სერიოზულ საფრთხედ უნდა განვიხილოთ. რამდენიმე დღის წინ, 6 ქვეყანაში იყო გავრცელებული და დღეს უკვე 52 ქვეყანაშია. ასე რომ ძალიან სწრაფად იზრდება ინფიცირებისა და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ინფიცირებაა. რაც შეეხება სხვა ტიპის საფრთხეებს, რა თქმა უნდა, ზამთარში, განსაკუთრებით, დეკემბერ-იანვარში რესპირაციული ინფექციების მატების პიკია, რაც საფრთხეს წარმოადგენს. იცით, რომ წინა კვირას გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და სავარაუდოდ, გრიპის შემთხევებიც მოიმატებს და ესეც საფრთხეა. ჩვენ გვაქვს წინ ზამთრის პერიოდი და მოსალოდნელია რესპირაციული ინფექციების მატება. გვაქვს გრიპის შემთხვევების მატების მოლოდინი და ასევე იმის მოლოდინი, რომ ქვეყანაში ალბათ დაფიქსირდება ახალი მუტაცია, რომელიც თავისთავად მდგომარეობას კიდევ უფრო გართულებს. ამიტომ ალბათ, დეკემბერ-იანვარი მთელი 2-წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ყველაზე სერიოზული გამოცდა იქნება, ვინაიდან ასეთი რეალურ საფრთხეები წინა ანალოგიურ პერიოდში ნამდვილად არ ყოფილა“,- განაცხადა ჩხაიძემ.

50 ნახვა
desktop
mobile catfish