42 400 ვიზიტორი 9 თვეში – რომელი ქვეყნებიდან სტუმრობს ყველაზე ხშირად სტალინის მუზეუმს დამთვალიერებელი

2021 წლის 9 თვეში, იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმს 42 400 ვიზიტორი ჰყავდა. აქედან 36 042 უცხოელი იყო. სტატისტიკა მარტ-ნომებერს მოიცავს, რადგან მუზეუმები კოვიდ რეგულაციების გამო იანვარ-თებერვალში არ ფუნქციონირებდა.

პანდემიამდელ 2019 წელს მუზეუმს 175 962 დამთვალიერებელი ჰყავდა, პანდემიურ 2020 წელს კი 10 916 – ამის შესახებ ინფორმაცია ,,ბიზნესპრესნიუსს“ სტალინის სახელმწიფო მუზეუმიდან მიაწოდეს.

ვიზიტორების რაოდენობა წლების მიხედვით სტატისტიკა ასეთია :

2010 – 21 798
2011 – 21 503
2012 – 31 665
2013- 42 453
2014 – 40 171
2015 – 53 094
2016 – 92 693
2017 – 132 811
2018 – 162 086
2019 – 175 962
2020 – 10 916
2021 – 42 400 (იგულისხმება მიმდინარე წლის 9 თვე)


სტალინის სახელმწიფო მუზეუმის, ფონდების მთავარი მცველი, ქეთევან ახობაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ დამთვალიერებლების ძირითადი ინტერესი, ბელადის პირადი ცხოვრების დეტალებია.

„ჩვენს მუზეუმს,საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, რომელთა დიდი ნაწილი პოლონეთიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან და ყაზახეთიდანაა. თუმცა, მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. ძირითადი ინტერესი, სტალინის პირადი ცხოვრების დეტალებია. ჩვენთან ინახება მისი პირადი წერილები და ნივთები.

დამთვალიერებლის დიდი ინტერესია, როცა ჯერ კიდევ სემინარიის სტუდენტი რექტორს, გადასახადის შემცირებას სთხოვს, რადგან დედას კერვა აღარ შეუძლია და მისი შენახვა უჭირს. გადასახადის შემცირების შემთხვევაში კი თბილი პალტოს ყიდვას გეგმავს. ეს დეტალებია მათი ძირითადი ინტერესი, რასაც სხვაგან ვერ ნახავენ. ჩვენ, არავის ვაქებთ, ან არავის ვაძაგებთ, ეს არის ფაქტების ნამდვილი ისტორიის მუზეუმი და სწორედ ეს იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს“- განაცხადა ქეთევან ახობაძემ.

სტალინის სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს გორში, ქალაქში, სადაც ის დაიბადა. სამუზეუმო კომპლექსი 1957 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა. თუმცა იმ სახლში, სადაც სტალინი დაიბადა, მემორიალური მუზეუმი ჯერ კიდევ 1937 წლიდან მის სიცოცხლეშივე არსებობდა. ორსართულიანი საექსპოზიციო შენობა კოშკით არქიტექტორ არჩილ ქურდიანის პროექტით აშენდა.

95 ნახვა
desktop
mobile catfish