მოსახლეობის ნაწილს დენის გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევს

მოსახლეობის და ბიზნესის ნაწილს დენის გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით გაიზარდა.

კერძოდ, „თელმიკოს“ სამომხმარებლო ტარიფების ნაწილში, თვეში 101 კილოვატ საათამდე და საერთო მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი დღგ-ს ჩათვლით კვტ.სთ ელექტროენერგიაზე 14.544 თეთრიდან 18.041 თეთრამდე გაიზარდა და შესაბამისად, ერთ კვტ.სთ.-ზე ზრდამ 3.498 თეთრი შეადგინა. ამასთან, თვეში 101 – 301 კვტ.სთ. მომხმარებლებისთვის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 22.053 თეთრამდე, ხოლო 301 კვტ.სთ.-ზე ზემოთ – 26.537 თეთრამდე გაიზარდა. რაც შეეხება „თელმიკოს“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა კვტ.სთ. ელექტროენერგიაზე 11 თეთრზე მეტი იყო.

რაც შეეხება “ეპ ჯორჯიას” (ენერგო-პრო), 101 კილოვატ საათამდე და საერთო მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი დღგ-ს ჩათვლით კვტ.სთ ელექტროენერგიაზე 14.237 თეთრიდან 17.731 თეთრამდე გაიზარდა და შესაბამისად, ზრდა ერთ კვტ.სთ.-ზე 3.494 თეთრი იყო. ამასთან, თვეში 101 – 301 კვტ.სთ. მომხმარებლებისთვის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 21.707 თეთრამდე, ხოლო 301 კვტ.სთ.-ზე ზემოთ – 26.227 თეთრამდე გაიზარდა. რაც შეეხება „ეპ ჯორჯიას“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა კვტ.სთ. ელექტროენერგიაზე 10.8-დან 14.6 თეთრამდე იყო.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფები მოსახლეობის უმრავლესობას გასულ წელს არ უგრძვნია, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფს დაასუბსიდირა. მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზრდილი ტარიფი სრულად დასუბსიდირდა თვეში ელექტროენერგიის 300 კვტ.სთ.-ის მომხმარებლებისთვის.

ამასთან, მთავრობის მაშინდელი გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი 50%-ით დაუსუბსიდირდათ საკვები პროდუქტების მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებსაც, როგორიცაა: მეფრინველეობა, ხორცის გადამუშავება და კონსერვირება, შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება, ხორცის პროდუქტების წარმოება, თევზის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება, კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და კონსერვირების სხვა სახეები, ზეთებისა და ცხიმების წარმოება, მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება, რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება, საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება, სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება, პურის წარმოება; არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრებისა და მისთ. წარმოება, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება, მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების, შაქრის წარმოება, სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება, ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება, მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისათვის, მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისათვის.

ახლა კი, სუბსიდირების ეს პროგრამა დასრულდა, შესაბამისად, უკვე 2022 წლიდან მოსახლეობისა და ბიზნესის ნაწილს მოუწევს, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფები გადაიხადოს.

211 ნახვა
desktop
mobile catfish