ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ხმალაძე აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებით იკავებს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს ირაკლი ხმალაძე.
როგორც ცნობილია, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდზე უნდა იყოს საჯაროდ განთავსებული, თუმცა, რამდენიმე თვეა დეკლარაციები საიტზე ხელმისაწვდომი არ არის. ამის მიზეზად ვებ-გვერდის ტექნიკური სამუშაოები სახელდება.
თუმცა, სანამ ინფორმაცია ჯერ კიდევ საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ მოამზადა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ბაზა, სადაც თავმოყრილია 2017-2024 წლების (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციები.
აღნიშნული ბაზის მიხედვით, ირაკლი ხმალაძემ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის მაისის ბოლოს შეავსო. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ, რა ქონება აქვს დეკლარირებული ხმალაძეს.
დეკლარაციის თანახმად, ხმალაძემ 2017 წელს ათას ლარად შეიძინა თბილისში არასაცხოვრებელი ფართი, რომელშიც საკუთრების ნახევარს ფლობს. რაც შეეხება საცხოვრებელ ფართს, ხმალაძის დეკლარაციაში აღნიშნული არ ფიქსირდება.
ამასთანავე, ირკვევა, რომ თბილისის ყოფილმა ვიცე-მერმა 2024 წელს 16 500 დოლარად შეიძინა „ჰარლი დევიდსონის“ მარკის მოტოსატრანსპორტო საშუალება.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის თანახმად, მის ანაბარზეა 350 000 დოლარი, რაც სახლის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლად აქვს მითითებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის განმავლობაში თბილისის მერის პირველი მოადგილის პოსტზე მუშაობისთვის ხელფასის სახით ხმალაძემ 73 547 ლარი აიღო.