UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა

UNESCO-მ მსოფლიოს მასშტაბით მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა. სიის მიხედვით, 2021 წელს სულ 55 ჟურნალისტი მოკლეს, მათგან ერთ-ერთი ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავაა. იუნესკოს სიაში ლექსო ლაშქარავას მკვლელობის თარიღად 2021 წლის 5 ივლისია მითითებული.

მოკლული ჟურნალისტების სიაში, რომელსაც იუნესკო ყოველწლიურად აახლებს, საქართველოდან სულ 5 ჟურნალისტია შეყვანილი. სამი მათგანი [გრიგოლ ჩიხლაძე, ალექსანდრე კლიმჩუკი, სტანს ტორიმანსი] 2008 წლის აგვისტოში, საქართველო-რუსეთის ომის დროს დაიღუპა, მეხუთე კი გიორგი სანაიაა, რომელიც 2001 წელს მოკლეს. სია მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1993 წლიდან ამ დრომდე მოკლულ 1 490 ჟურნალისტს აერთიანებს.

“ალექსანდრე ლაშქარავა მუშაობდა კერძო ტელევიზია ტვ პირველისთვის და იყო ერთ-ერთი იმ 50-ზე მეტ ჟურნალისტს შორის, რომლებმაც სერიოზულ დაზიანება მიიღეს 5 ივლისს, ლგბტქ+ აქტივისტებზე თავდასხმის დროს. ძალადობის შიშის გამო გაუქმდა ამ დღეს დაგეგმილი ღირსების მარში. ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გასულ წელს იუნესკო აფრთხილებლდა მთავრობებს, დაეცვათ ჟურნალისტები თავდასხმებისგან ისეთ შემთხვევებში, როცა ისინი ტურბულენტურ მოვლენებს აშუქებდნენ” – წერს იუნესკო ლექსო ლაშქარავას შესახებ.

“მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს გამჭვირვალედ და სრულყოფილად ლექსო ლაშქარავას სიკვდილის ფაქტი. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი მოვალეობის შესრულება ისე, რომ არ ეშონოდეთ ძალადობის. ეს მოვლენები ქმნის სხვა ჟურნალისტებისთვის შემზარავი მესიჯის გაგზავნის საფრთხეს და არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი” – წერს იუნესკოს ხელმძღვანელი ოდრი აზულაი ლექსო ლაშქარავას სიკვდილის შესახებ.

ლექსო ლაშქარავა მოკლულის სტატუსით არის შეყვანილი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის” მონაცემთა ბაზაშიც.

ლაშქარავას იუნესკოს სიაში მოხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ იუნესკო საგამოძიებო სტრუქტურა არ არის და რომ სიაში უზუსტობაა გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით.

“ვინც ნახა იუნესკოს ეს სია, იქ წერია, რომ მოკითხულია მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ეს ოპერატორი. იუნესკო არ არის საგამოძიებო ორგანო და დასკვნებს არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით – ეს ღია საკითხად არის მითითებული… ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა გააკეთებენ განცხადებას იმ გამოძიების გარგლებში, რომელიც მიმდინარეობდა. საქმე ეხება ღია საკითხს, გარდაცვალების თარიღი არის სხვა მითითებული, აქაც ჩანს ეს უზუსტობა. მე რამდენადაც ვიცი, ექსპერტიზები არის დასრულებული, იყო წინასწარ შედეგებზე საუბარი…”- თქვა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

ლექსო ლაშქარავას სიკვდილის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის ივლისის შემდეგ განცხადება არ გაუკეთებია. სიკვდილის შემდეგ გამართულ ბრიფინგზებზე უწყება მიანიშნებდა გარდაცვლილის ნარკომომხმარებლობის შესახებ. ექსპერტიზის ბიუროს 2021 წლის დეკემბრამდე არ ჰქონდა მომზადებული დასკვნა იმის შესახებ, გახდა თუ არა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირება.

61 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish