შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ „ომიკრონის“ ტალღისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური სექტორი ახორციელებს. აქცენტი გაკეთდა ჯანდაცვის სექტორის მზაობაზე, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზებაზე, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარე გაბუნიამ უწყებაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, კლინიკური და ჰოსპიტალური სექტორი „ომიკრონის“ ტალღისთვის გასამკლავებლად მზად არის.
„მოგეხსენებათ, პირველადი ჯანდაცვა მობილიზებულია ონლაინკლინიკებით. დღეისთვის აქტიურია 62 ონლაინკლინიკა, ამას მომდევნო კვირიდან დაემატება 40 ონლაინკლინიკა ახალი და სრულად გაიშლება პირველადი ჯანდაცვის ქსელში კოვიდის მართვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, მობილიზებული დარჩება 8 ათასამდე საწოლი, რაც არის საკმარისი საწოლფონდი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მზარდი შემთხვევების პირობებში გავუმკლავდეთ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას. დღეს ჰოსპიტალური სექტორი არის მხოლოდ 50%-ით დატვირთული და საწოლების დიდი ნაწილი თავისუფალია.
რაც შეეხება ტესტირებას, ეს ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად რჩება – ანტიგენ ტესტირება და PCR ტესტირება. ის ადგილები, რაც ჩართული იყო პროგრამაში, კვლავ გააგრძელებს მუშაობას.
ასევე ვაქცინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღევანდელ შეხვედრაზე სპეციალისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს და ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი დაცვა „ომიკრონის“ ტალღის პირობებში. განსაკუთრებული მობილიზება კიდევ ერთხელ გვმართებს. მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის სწრაფი ვაქცინაცია „ბუსტერ“ დოზებით, რომ დავიცვათ სამედიცინო პერსონალი და არ შეიქმნას დეფიციტი ამ მიმართულებით“, – განაცხადა გაბუნიამ.