თამარ გაბუნია: სკოლა არის ის გარემო, რომელსაც ყველაზე გვიან უნდა შეეხოს შეზღუდვები – აუცილებელია პედაგოგებისა და სხვა პერსონალის ვაქცინაცია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმატებს იმის შანსი, რომ ახალგაზრდებში, მათ შორის, მოსწავლეებშიც მოხდეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი გაზრდა.
მისი შეფასებით, გამოსავალი არის მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის ვაქცინაცია.

როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პანდემიის პირობებში სკოლა არის ის გარემო, რომელსაც ყველაზე გვიან უნდა შეეხოს შეზღუდვები.

„სკოლებმა რამდენიმე ეტაპი გაიარეს კოვიდპანდემიის პროცესში, მზარდი ტალღის პირობებში. სკოლების შიდა მზაობა არის საკმაოდ მაღალი იმისთვის, რომ მათ ადგილზე უზრუნველყონ რეაგირება. რა თქმა უნდა, იმატებს შანსი იმის, რომ ახალგაზრდებში, მათ შორის, მოსწავლეებშიც მოხდეს შემთხვევების სწრაფი გავრცელება. აქ გამოსავალი ისევ არის, ბუნებრივია, მასწავლებლების და სხვა პერსონალის ვაქცინაცია. სკოლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი არის მაღალი, მაგრამ მეტია საჭირო, რომ თითქმის 100 პროცენტამდე მივიდეს ეს მაჩვენებელი, სადაც შესაძლებელია, უკეთესი დაცვისთვის ისევ და ისევ ბუსტერ დოზა, წესების ზედმიწევნით, ზუსტად დაცვა და რა მთავარია, თუ ადამიანს აქვს სიმპტომი, ის არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაესწროს საკლასო გარემოში სწავლების პროცესს და დარჩეს სახლში. ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო გაააქტიურებს საკომუნიკაციო კამპანიას, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ სკოლებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ აქტივობის შესაძლებლობა. ნებისმიერი პანდემიის პირობებში, სკოლა არის ის გარემო, რომელსაც ყველაზე გვიან უნდა შეეხოს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები, თუმცა, მკაცრი რეგულირების პირობებში”, – განაცხადა გაბუნიამ.

40 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish