პოლიტიკა

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 26 ოქტომბერს საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
34 წუთის წინ

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 26 ოქტომბერს საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

სამოქალაქო აქტივისტებმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და აქციებზე დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა 26 ოქტომბერს, 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტამდე მსვლელობა დააანონსეს. განცხადება მათ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განაცხადეს.

საპროტესტო მსვლელობის მთავარი მოთხოვნებია: „მთავრობის გადადგომა, ივანიშვილის კონტროლისგან თავისუფალი არჩევნები და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება”.

„26 ოქტომბერს ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც რეჟიმმა არა მხოლოდ იმ მოქალაქეებს წაართვა ხმა, რომლებსაც ცვლილება სურდათ, არამედ საკუთარი ამომრჩეველიც მოატყუა - ღირსებით წაყვანას დაჰპირდა ევროპისკენ და ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე უღალატა.

რეალურად, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ივანიშვილის რეჟიმმა გადადგა ნაბიჯი საკონსტიტუციო გადატრიალების გასაფორმებლად - ამის მკაფიო დასტური იყო 28 ნოემბერს რეჟიმის მიერ საქართველოს ევროპული მომავლის და სახელმწიფოებრიობის დათმობაზე გაკეთებული განაცხადი.

ახდა მერაბ კოსტავას წინასწარმეტყველება - ჩვენ მოვესწარით საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ისიც გაცხადდა, რომ თუ ბრძოლას შევწყვეტთ, მოპოვებულ თავისუფლებას ვკარგავთ.

კონსტიტუციით გარანტირებული უზენაესი არჩევანის, ევროატლანტიკური მომავლის და რეალური ეროვნული დამოუკიდებლობის წართმევას ქართული საზოგადოება უწყვეტი წინააღმდეგობით შეხვდა, რასაც დღესაც აგრძელებს - რეპრესიების, დაშინების, ძალადობის და თავისუფლების აღკვეთის მიუხედავად.

რეჟიმი ყოველდღიურად აღრმავებს საერთაშორისო იზოლაციას და საფრთხეს უქმნის ეროვნულ დამოუკიდებლობას, რომელსაც ისტორიულად ყოველთვის ვკარგავთ, თუ რუსეთის პირისპირ მარტო ვრჩებით, რადგან რუსეთის ამოცანა მეზობელი სახელმწიფოების განადგურებაა. მისი შემაკავებელი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და დასავლეთის მხარდაჭერაა - ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს როგორც ერთს, ისე მეორეს აკარგვინებს.

რეჟიმი მორალურ იზოლაციაშია, რაც, საერთაშორისო წნეხთან ერთად, აღრმავებს რეჟიმის შიგნით კლანურ დაპირისპირებებს. ძალაუფლების შენარჩუნებას ის შიშის კულტივაციით ცდილობს, მაგრამ პროტესტს შიშით ვერ აკავებს.

პროტესტის ძალის დემონსტრაცია იყო 4 ოქტომბრის არჩევნებად წოდებული ფარსის მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულება - გაყალბებული რიცხვებითაც კი ნათლად ჩანს, რომ რეჟიმს ძირი მორყეული აქვს - ამომრჩევლის ორ მესამედზე მეტი არჩევნებზე არ მივიდა.

ასეთ ვითარებაში, შედეგის მისაღწევად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ არ მიეცეთ ამოსუნთქვის შესაძლებლობა და დაინახონ, რომ ჩვენი ძალა და ნებისყოფა არსად წასულა.

ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საქართველოში ბრძოლა მიდის არა ივანიშვილსა და ოპოზიციას, არამედ რუსული ყაიდის ავტოკრატიასა და დემოკრატიას, საბჭოთა წარსულსა და თავისუფალ მომავალს, ერთი კაცის ახირებებს მორგებულ, ოლიგარქიულ მმართველობას და ქართულ საზოგადოებას შორის.

ამ ბრძოლაში გამარჯვების პოტენციალი აქვს მხოლოდ და მხოლოდ თანმიმდევრულ, პრინციპულ, არაძალადობრივ სახალხო წინააღმდეგობას, რომელიც აშკარაა, რომ არა მხოლოდ რეჟიმის ცვლილებას, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრის სისტემურ გადატვირთვას, დემოკრატიზაციას და საზოგადოების ინტერესების სამსახურში ჩაყენებას ითხოვს.

სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და ღირსეული, ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია, ვისაც გაბრაზებთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და ვინც იცით, რომ მხოლოდ დემოკრატიული ერთობით, ნებისყოფით, სიმტკიცითა და თანმიმდევრულობით შევძლებთ ეროვნული ამოცანების მიღწევას, შევიკრიბოთ 26 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე და პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობით ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ისევ ძალიან ბევრნი ვართ, ისევ არ ვთმობთ და ისევ ვაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას ბოლომდე, გამარჯვებამდე!

26 ოქტომბერს, 19 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და ვითხოვთ მთავრობის გადადგომას, ივანიშვილის კონტროლისგან თავისუფალ არჩევნებს და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები