აფხაზმა მინისტრმა ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგი და პროექტები აკრძალა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ინალ არძინბამ, რომელიც პოსტზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან [World Vision, დანიის ლტოლვილთა საბჭო, UNDP- გაერთოს განვითარების პროგრამა] მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც მონაწილეებს ქართულ-აფხაზური პროექტების განხორციელება აუკრძალა.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციების საქმიანობის გარკვეული შედეგები დადებითად იყო შეფასებული შეხვედრის დროს, თუმცა, “მინისტრმა დაუშვებელი უწოდა აფხაზეთში განხორციელებულ ზოგიერთ პროექტს”. კერძოდ, საუბარია UNDP-ის მიერ აფხაზეთში 2021 წლის ზაფხულში ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვას მოქალაქეებს შორის, სადაც შიდაპოლიტიკური საკითხები, ასევე, საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ განწყობები შეისწავლეს.

“თქვენს ორგანიზაციას არ აქვს უფლება ამ საკითხით დაკავდეს. გარდა ამისა, ეს საქმიანობა შეთანხმებული უნდა იყოს სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტთან.

არძიბნამ ისაუბრა ასევე COBERM-ის პროგრამაზე.

“ეს დაუშვებელი პროექტია, რომლის მიზანიცაა აფხაზეთის მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, პირდაპირი დიალოგი აფხაზ და ქართველ ექსპერტებსა და ახალგაზრდებს შორის. ამ პროექტის განხორციელება დაუშვებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩაიწერეთ ეს და მსგავსი პროექტები აღარ აკეთოთ. ჩვენ თქვენ გიკრძალავთ ამას”.

ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრად 17 ნოემბერს დაინიშნა. არძინბამ პოლიტიკური გამოცდილება ძირითადად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დააგროვა, სადაც მრჩევლიდან კურატორის ჩათვლით სხვადასხვა პოსტი ეკავა – რელიგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უკრაინის საკითხებზე.

აფხაზეთში მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში არძინბა აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და განუცხადა, რომ მათ მუშაობას საქართველოს მიმართულებით, განსაკუთრებით დააკვირდებიან.

113 ნახვა
desktop
mobile catfish