დაკავებული პოლიციელები უარყოფენ, რომ კადრებში თვითონ არიან – პროკურორი

პროკურორის, ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელები ამბობენ, რომ გავრცელებულ კადრებში ისინი არ არიან.

“ბრალდებულებისთვის წარდგენილი გვაქვს კადრები და უარყოფენ, რომ ისინი არიან, თუმცა მათი უშუალო თანამშრომელი და ხელმძღვანელია დაკითხული, რომელიც ადასტურებს, რომ ეს პირები არიან კადრებში”, – ამბობს ის.

პროკურორი აღნიშნავს, რომ დაზარალებულს ამოცნობის პროცედურაში მონაწილეობის მიღება სურდა, თუმცა დაკავებულებმა ამ პროცედურაზე უარი განაცხადეს. მისივე განცხადებით, სასამართლოზე ისინი სამართალდამცავების პატიმრობის შუამდგომლობას დააყენებენ.

“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე შუამდგომლობს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს პატიმრობა, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ მათი მხრიდან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხეები. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ამ ეტაპზე, მოწმის სახით გამოკითხულია არაერთი პირი, თავად დაზარალებული და ასევე, მოპოვებული გვაქვს ვიდეო-ჩანაწერი”, – განაცხადა მან.

18 ნახვა
desktop
mobile catfish