პოლიტიკა

ვიკა ფილფანი უმრავლესობას „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებზე - საქართველოში მოქმედ არც ერთ რეჟიმს არ უკადრია მსგავსი რამ
6 წუთის წინ

ვიკა ფილფანი უმრავლესობას „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებზე - საქართველოში მოქმედ არც ერთ რეჟიმს არ უკადრია მსგავსი რამ

საქართველოში მოქმედ არც ერთ რეჟიმს არ უკადრია მსგავსი რამ. არ უკადრია, არც 90-იან წლებში, არც მანამდე, არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს უკადრია და ახლა თქვენ გინდათ მოქალაქეებს შეუზღუდოთ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებთან დაკავშირებით განაცხადა.

ფილფანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს არჩილ გორდულაძეს მიმართა კითხვით, მონაწილეობდა თუ არა ის 2012 წლამდე ან 2012 წლის საპროტესტო აქციებში და განაცხადა, რომ პროტესტი ხშირად მცირე ჯგუფებიდან უნივერსიტეტებსა და ქუჩებში იწყებოდა.

დეპუტატმა ასევე მოითხოვა დაესახელებინა სამი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც მსგავსი კანონი მოქმედებს.

„როდესაც გავიგეთ ამ კანონპროექტის შესახებ, ვერ დავიჯერეთ. ეს არის კანონპროექტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას შეურაცხყოფს. საქართველოში მოქმედ არც ერთ რეჟიმს არ უკადრია მსგავსი რამ. არ უკადრია, არც 90-იან წლებში, არც მანამდე, არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს უკადრია და ახლა თქვენ გინდათ მოქალაქეებს შეუზღუდოთ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება.

მაინტერესებს, 2012 წლამდე თუ ხართ რომელიმე აქციაზე ნამყოფი? ნებისმიერ აქციაზე, რომელსაც მაშინ ვაპროტესტებდით მოქალაქეები „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის არსებობის დროს. ან 2012 წელს თუ ხართ ნამყოფი აქციაზე, როდესაც სტუდენტები ვიყავით გარეთ. თუ ნამყოფი ხართ, გემახსოვრებათ როგორ იწყებოდა ეს პროტესტი, რამდენი ადამიანით იწყებოდა ეს პროტესტი უნივერსიტეტებში და ქუჩებში.

ასევე დამისახელეთ 3 დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ეს კანონი მოქმედებს.

ასევე მინდა შეგახსენოთ ზამირ კვეკვესკირი, რომელმაც თავი დაიწვა გასულ წელს, იმის გამო, რომ სახელმწიფოსგან ვერ მიიღო შესაბამისი დახმარება. ის იყო აფხაზეთიდან დევნილი. ჩემი კითხვა იქნება ასეთი: რომელი ჯობდა - ბატონ ზამირს პროტესტის გამოსახატად თავი დაეწვა თუ გზა გადაეკეტა?,- განაცხადა ფილფანმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ვიკა ფილფანს უპასუხა და აღნიშნა, რომ 2012 წლის საპროტესტო აქციებში თავადაც მონაწილეობდა.

გორდულაძის თქმით, ის იყო თსუ-ს სტუდენტებთან და ასეულობით მოქალაქესთან ერთად, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პროტესტი დაიწყო.

„2012 წელს 20 წლის ვიყავი და დიახ, ერთ-ერთი ვიყავი. თსუ-ს სტუდენტები ვიყავით ერთ-ერთი იმ სტუდენტებს შორის და ხალხის აუარებელ რაოდენობას შორის, როგორც კი კადრები გავრცელდა. დიახ, რეჟიმს ვუთხარით არა! დიახ, რეჟიმს გავაგონეთ ხმა, რომ ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, წამება და არაადამიანური მოპყრობა საპყრობილეებში, დიახ იმ აქციაზე ვიყავი მე და სხვა ადამიანებიც. თქვენ სად იყავით არ ვიცი, შეიძლება აქციის ერთ-ერთი ჩვეულებრივი მონაწილე იყავით მაშინაც. შეიძლება სახეზე არ გახსოვართ, რადგან ასეულობით ადამიანი ვიყავით იქ. იცით მერე რა მოხდა? თუკი მაშინ იმ აქციაზე იდექით, შემდეგ ამ მწამებლური რეჟიმის ადამიანებთან ერთად, თქვენ შექმენით კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში და ახლა მორალის კითხვას თავი დაანებეთ და გაიაზრეთ ის პასუხისმგებლობა, რასაც გაკისრებთ, მათ შორის, თქვენი ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა.

თუკი 2012 წელს იყავით აქციაზე მწამებლური რეჟიმის წინააღმდეგ, თქვენ ამ მწამებლური რეჟიმის სისტემური შემდგენელი გახდით 2021 წლიდან, შეიძლება მანამდეც, გილოცავთ ამას!” - უპასუხა გორდულაძემ.

ამასთან, კანონპროექტზე დასმული კითხვის საპასუხოდ, გორდულაძემ აღნიშნა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შეკრების ორგანიზებას წინასწარი ნებართვა სჭირდება.

„3-ზე მეტ ქვეყანას დაგისახელებთ. გადახედეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სადაც ადამიანებს სურთ თავიანთი აზრი დააფიქსირონ, წინასწარი ნებართვა უნდა დააფიქსირონ. თუკი წინასწარი ნებართვა არ იქება გაცემული, მაშინ, ასეთი აქცია არაკანონიერია და ადამიანებს არ აქვთ უფლება შეიკრიბონ. ან წაიკითხეთ, ან ტყუილების ტირაჟირებას თავი დაანებოთ“, - უპასუხა გორდულაძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები