არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 4 წელი შესრულდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც მან არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავი გვირგვინით შეამკო.
უწყების ცნობით, დღეს ტატუნაშვილის მკვლელობიდან 4 წელი შესრულდა და თეა ახვლედიანმა გმირის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მინისტრთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას, პატივი მიაგეს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ და ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს ღირსების დაცვისთვის თავგანწირული ვაჟკაცის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას. ზუსტად ოთხი წლის წინ მისი სიცოცხლე საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა. ჩვენ არასდროს შევეგუებით მსგავსს სისასტიკესა და უსამართლობას და ვაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო, სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტის გამოყენებით, ბრძოლას ოკუპაციასა და მის თანმდევ სავალალო შედეგებთან, რათა პასუხისგებაში მიეცეს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე და დამნაშავე ყველა პირი და აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედიები. მე კიდევ ერთხელ თანავუგრძნობ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და გამძლეობას ვუსურვებ მათ“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
157 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish