შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სპეციალური საგამოძიებო სამსახური – ქალი ყოფილ მულს ყალბი პროფილით მამაკაცის სახელით გაეცნო, ნდობა მოიპოვა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ნათესავებთან გაავრცელა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 20 წლის მამაკაცი, ხოლო ამხილეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყოფილ მულს ყალბი პროფილით მამაკაცის სახელით გაეცნო, ნდობა მოიპოვა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ნათესავებთან გაავრცელა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 20 წლის მამაკაცი. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, მისი მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა.

„მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ბრალდებული სოციალურ ქსელ „Facebook”-ის ყალბი გვერდის გამოყენებით დაუკავშირდა დაზარალებულს და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებისა და ვიდეო ჩანაწერების გავრცელების მუქარით, უსიტყვო მორჩილება და კონკრეტული ქმედებების შესრულება, მათ შორის, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების გადაგზავნა და დაზარალებულის სოციალურ ქსელ „Facebook”-ის პაროლის გადაცემა მოსთხოვა. გარდა ამისა, იგი პირადად უკავშირდებოდა დაზარალებულს და სთხოვდა ჰქონოდათ სასიყვარულო ურთიერთობა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, დაზარალებული ქალის დაკნინების მიზნით, სოციალურ ქსელ „Facebook”-ის ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა.

დაზარალებულის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები მოკლე დროში წარმართა. პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ასევე, მხილებულია 2000 წელს დაბადებული ქალი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ ყალბი პროფილის გამოყენებით, 2000 წელს დაბადებული ქალი, შურისძიების მოტივით მამაკაცის სახელით მისი ყოფილი მეუღლის დას გაეცნო და ნდობა მოიპოვა. დაზარალებულმა მითითებულ ყალბ პროფილზე ყოფილ რძალს, რომელიც მამაკაცის სახელით, ყალბი პროფილით ესაუბრებოდა, თავისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. ბრალდებულმა, ამ გზით, მოტყუებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რომლებიც შემდგომ სახელის გატეხის მიზნით დაზარალებულის ნათესავებთან გაავრცელა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონიდან ამოღებულ იქნა დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა.

დანაშაულში მხილებულ ქალს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე წარედგინა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ორივე ფაქტზე აგრძელებს გამოძიებას“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.