ვოლოდიმირ ზელენსკი – დაიმახსოვრეთ უღმრთოებო, როდესაც მილიონობით ადამიანი გწყევლით, ვერაფრით გადარჩებით

დაიმახსოვრეთ უღმრთოებო, როდესაც მილიონობით ადამიანი გწყევლით, თქვენ ვერაფრით გადარჩებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს მოუწევს აანაზღაუროს ყველაფერი, რაც უკრაინაში გააკეთა.

„რუსეთის სამიზნე გახდა ხარკოვში მდებარე მიძინების ტაძარი – ქალაქის ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური ღირსშესანიშნაობა. ომის დროს ის არის ხარკოვის მოსახლეობის თავშესაფარი, წმინდა ადგილი, რომელიც ახლა დაზიანებულია ომისგან. მათ ამისაც კი არ ეშინიათ. სარგებლობენ იმით, რომ ღმერთი მათ მყისიერ წინააღმდეგობას არ უწევს, მაგრამ ღმერთი ყველაფერს ხედავს და პასუხობს. პასუხობს ისე, რომ ამას ვერ დაემალებით. არ არსებობს ისეთი ბუნკერი, სადაც უფალს დაემალებით. ტაძარს კი ჩვენ აღვადგენთ – რომ ომის არც ერთი კვალი მასზე არ დარჩეს. და თუნდაც თქვენ გაანადგუროთ ყველა უკრაინული ეკლესია და ტაძარი, თქვენ ვერ გაანადგურებთ ჩვენს გულწრფელ რწმენას, უკრაინისა და უფლის რწმენას, ხალხის რწმენას,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა აღადგენს ყველა სახლს, ქუჩასა და ქალაქს, რომელიც ომის შედეგად ზარალდება.

„და მივმართავთ რუსებს: ისწავლეთ სიტყვები „რეპატრიაცია“ და „კონტრიბუცია“- თქვენ სრულად აგვინაზღაურებთ ყველაფერს, რაც გააკეთეთ უკრაინის წინააღმდეგ. მათ კი, ვინც დაიღუპა, არ დავივიწყებთ. თქვენ მოხვედით ჩვენი ქალაქების გასანადგურებლად. ჩვენი ხალხის გასანადგურებლად, რომ წაგვართვათ ყველაფერი, რაც ჩვენთვის ძვირფასია. მშვიდობიან მოსახლეობას უთიშავთ ელექტროენერგიას, წყალს, გათბობას. ტოვებთ ადამიანებს საკვებისა და მედიკამენტების გარეშე, ბომბავთ იმ მარშრუტებს, რომელთა გავლითაც ევაკუაციის განხორციელება შეიძლება. არ არსებობს იარაღი, რომელსაც არ იყენებთ უკრაინელების წინააღმდეგ. ახლა კი გამოდიხართ და უყვებით თქვენს პროპაგანდისტებს, რომ აპირებთ უკრაინაში გაგზავნოთ ე.წ. ჰუმანიტარული კოლონები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთანავე, როგორც უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება, იმის აღიარებაა, რომ მათ ვერაფერი არსებითი ვერ გააკეთეს ხმელეთზე.

„ჩვენი თავდაცვის ყველა ხაზი შენარჩუნებულია. არც ერთი სტრატეგიული მიმართულებით მტერს წარმატება არ აქვს. ისინი წნეხს განიცდიან, განწირულები არიან. კიევმა გაუძლო კიდევ ერთ ღამეს და განხორციელებულ სარაკეტო იერიშს. იმუშავა ჩვენმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ. ხერსონმა, იზიუმმა და სხვა ქალაქებმა, რომლებიც იბომბებოდა, მათ არაფერი არ მისცა. ჩერნიგოვი, სუმი, ნიკოლაევი ინარჩუნებს თავდაცვას. მათ სურთ ოდესის განადგურება, თუმცა მხოლოდ შავი ზღვის ფსკერს დაინახავენ,“- განაცხადა ზელენსკიმ.

187 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish