„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, ბაჩიაშვილის მიერ მოტაცებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინფორმაციის საფუძველზე, 2 ივნისს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ.
აღნიშნულის შესახებ მახარაშვილმა რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ბაჩიაშვილს მოპყრობის თვალსაზრისით პრეტენზია არ გააჩნია.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამ კუთხით პრეტენზიები არ აქვს. დაახლოებით, 2 საათი ვისაუბრეთ გარკვეულ დეტალებზე, რაც შეეხებოდა გუშინდელ განცხადებას მის საქართველოში გადმოყვანასთან დაკავშირებით. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ორშაბათს ვგეგმავთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მივმართოთ გამოძიების დაწყების მოთხოვნით. უამრავი დეტალია, რომელსაც სამწუხაროდ, საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად ვერ გავამხელ, რადგან ჩვენი მთავარი ინტერესი სწორი პოლიტიკით წარმართვაა დაცვის სტრატეგიის და ტაქტიკის, ამისთვის კი, მიგვაჩნია, რომ იმაზე მეტი ინფორმაციის გამჟღავნება, ვიდრე ცნობილია, მიზანშეწონილი არ არის",- განაცხადა მახარაშვილმა.