შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი კობახიძე – ოლიგარქი ყველა ქვეყანაში ოლიგარქია, დეფინიცია ვერ იქნება განსხვავებული, ვინმე თუ უკრაინაში ოლიგარქად არის ​მისაჩნევი​, იგივე უნდა მოხდეს საქართველოშიც

ოლიგარქი ყველა ქვეყანაში არის ოლიგარქი, დეფინიცია ვერ იქნება განსხვავებული, ვინმე თუ უკრაინაში ოლიგარქად არის ​მისაჩნევი​, იგივე უნდა მოხდეს საქართველოშიც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია წყაროებიდან, თანამდებობის პირებისგან, რომ მოლდოვაც აპირებს დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი მცირედი ადაპტაციით გადაიტანოს. კობახიძის განცხადებით, „ეს არის მოლდოვაში ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილება“.„რაც შეეხება ჩვენს რეალობას, ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ, მივიღოთ კანონი უკრაინული მოდელის შესაბამისად. მთავარი არგუმენტი იცით, რაც არის. უკრაინაში მიღებულ იქნა კანონი, რომელიც არ ეფუძნება რაიმე კონტექსტს, ქართულ კონტექსტზე არ არის მორგებული, ბუნებრივია. შესაბამისად, ის შეესაბამება ობიექტურ კრიტერიუმებს. არ არის მორგებული არც ჩვენს და არც ოპოზიციის ინტერესებზე. ასეთ პირობებში მიგვაჩნია, რომ არის გონივრული უკრაინული კანონის გადმოტანა. რა თქმა უნდა, მცირე ადაპტაციები დაგვჭირდება, მაგრამ პრინციპულად, უკრაინულ კანონში მოცემულია ოლიგარქიას ცნება და ღონისძიებები, რომელიც უნდა იყოს მიმართული დეოლიგარქიზაციისთვის.ოლიგარქი ყველა ქვეყანაში არის ოლიგარქი. დეფინიცია ვერ იქნება განსხვავებული. ვინმე თუ არის ოლიგარქად მისაჩნევი უკრაინაში, იგივე უნდა მოხდეს საქართველოშიც. ეს არის ობიექტური კატეგორია. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია უკრაინული კანონის გადმოტანა. პრობლემა ოპოზიციისთვის იმაში მდგომარეობს, რომ მათ დაინახეს, სინამდვილეში ოლიგარქები არიან არა ჩვენ მხარეს, არამედ მათ მხარეს. ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევაა დავით კეზერაშვილი, რომელმაც ორიოდე კვირის წინ აღიარებითი ჩვენება გამოაქვეყნა. პირდაპირ აღიარა, რომ ის აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს. აღიარებითი ჩვენება მისცა მან ქართულ საზოგადოებას. ყველამ დაინახა, რომ კეზერაშვილი არის ოლიგარქი, ჭუტა არის ოლიგარქი, ხაზარაძე-ჯაფარიძე არიან ოლიგარქები, სააკაშვილი არის ოლიგარქი. შესაბამისად, ერთადერთი, ვისაც დააზიანებს ამ კანონის მიღება, არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ოპოზიციის მხარეს. ესენი არიან ნამდვილი ოლიგარქები, რომლებიც ცდილობენ საქართველოში ძალაუფლების მოპოვებას. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია არის სუბიექტურად დაინტერესებული, რომ პარლამენტმა არ მიიღოს ეს კანონი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.კითხვაზე, „თქვენ ბოლომდე მიჰყვებით და მიიღებთ დეოლიგარქიზაციაზე კანონს“, კობახიძემ აღნიშნა:„მე მგონი, ასე აჯობებს. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, მაგრამ ალბათ ასე აჯობებს. ოპოზიციის სურვილია, ამ ეტაპზე რაც იკვეთება, რომ უბრალოდ ბუნდოვანება დატოვონ ამ საკითხში. ანუ არსებობდეს ეს მუდმივი მოწოდებები დეოლიგარქიზაციაზე, მაგრამ ვინ არის ოლიგარქი, რა არის დეოლიგარქიზაცია, ეს იყოს ბუნდოვანი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა ამ ბუნდოვანების დატოვება. ჩვენ გვინდა, კანონის დონეზე, ობიექტურად მოწესრიგდეს ის, თუ ვინ არის ოლიგარქი, რას უნდა ნიშნავდეს დეოლიგარქიზაცია და ვერ გავყვებით ოპოზიციის დღის წესრიგს ამ კუთხით. მათ უნდათ ბუნდოვანების დატოვება ამ საკითხში, ჩვენ გვინდა სიცხადის შეტანა“, – აღნიშნა კობახიძემ.