8 მარტს საქართველოში ქალთა დღე აღინიშნება

დღეს, 8 მარტს, საქართველოში ქალთა დღე აღინიშნება.

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა. იმ პერიოდში ხშირი იყო მასობრივი პროტესტი მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857  წლის 8 მარტს. მათი პროტესტი გამოიწვია ძალზე დაბალმა ხელფასმა და გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა. ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. 1859 წლის მარტში, იმავე ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირული ორგანიზაცია.

მომდევნო წლებში, 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტი ახლდა. 1908 წლის 8 მარტს,  ნიუ-იორკის ქუჩებში 15 ათასი ქალი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს კი, კოპენჰაგენში ქალთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. სწორედ ამ კონფერენციაზე, გავლენიანი გერმანელი სოციალისტის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე. ქალთა სოლიდარობის სახელით, მომდევნო წლის 8 მარტს, სხვადასხვა ქვეყანაში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში 8 მარტის დღესასწაულის ჩანაცვლება 3 მარტით – დედის დღით სცადეს, თუმცა – უშედეგოდ, მოგვიანებით კი, 8 მარტმა ისევ ოფიციალურად მიიღო დღესასწაულის სტატუსი. 2002 წელს, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 8 მარტი – ქალთა დღე კვლავ აღადგინეს. 

8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებშიც.

8 მარტი საქართველოში არასამუშაო  დღედ არის გამოცხადებული.

139 ნახვა
desktop
mobile catfish