დიმიტრი პესკოვი – ყირიმი რუსეთის რეგიონია და ეს უნდა იყოს აღიარებული

ყირიმი რუსეთის რეგიონად უნდა იყოს აღიარებული, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ამით კრემლის პრესსპიკერი ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუში გაჟღერებულ კომენტარს გამოეხმაურა, ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების მომავალთან დაკავშირებით.

„ჩვენი პოზიცია ცნობილია. ყირიმი რუსეთის რეგიონია და ეს უნდა იყოს აღიარებული, როგორც დე ფაქტო, ასევე დე იურე“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

პესკოვმა აღნიშნა, რომ სეპარატისტულ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები ასევე უნდა იყოს აღიარებული, როგორც “სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოები”.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC NEWS-თან მიცემულ ინტერვიუში უსაფრთხოების გარანტიებზე და ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის მომავალზე ისაუბრა.

,,უკრაინა მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებისა და ყირიმის ოკუპირებული ტერიტორიების მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ არ არის მზად კაპიტულაციისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინისადმი წამოყენებულ მოთხოვნებს, კერძოდ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ კომპრომისი ამ საკითხში შესაძლებელია.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორ იცხოვრებენ იქ ადამიანები, რომლებსაც სურთ უკრაინის შემადგენლობაში ცხოვრება. მაინტერესებს რას ფიქრობენ ისინი, ვინც თავს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებად თვლიან. მაგრამ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. ისევე, როგორც კომპრომისებზე ყირიმის საკითხთან დაკავშირებით“.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ისინი ვერ აღიარებენ, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა, თუმცა არც რუსეთი აღიარებს, რომ ეს არის უკრაინის ნაწილი.

,,ჩვენ ვერ ვაღიარებთ, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა. ვფიქრობ, რუსეთის ფედერაციას გაუჭირდება იმის აღიარება, რომ ეს არის უკრაინის ტერიტორია. მე მჯერა, რომ ჩვენ საკმარისად ჭკვიანები ვართ, რომ ამ ორი საკითხის გადაწყვეტილებით არ გამოვიწვიოთ რევოლუციები საზოგადოებებში და, რომ ხალხი კმაყოფილი დარჩეს ამ გადაწყვეტილებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასძინა, რომ ოკუპაციამდე ეს ტერიტორიები უკრაინის შემადგენლობაში იყო.

60 ნახვა
desktop
mobile catfish