კიევში 2 დღით ცხადდება უწყვეტი კომენდანტის საათი

დღეს, 15 მარტს, კიევის დროით 20:00 საათიდან უკრაინის დედაქალაქში დაიწყება ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც 17 მარტს, 07:00 საათამდე გაგრძელდება.

სამხედრო სარდლობის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. ის კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ „დღეს რთული და საშიში მომენტია“.

კლიჩკო კიეველებს სთხოვს, მოემზადონ იმისთვის, რომ ორი დღის განმავლობაში სახლში უნდა იყვნენ ან განგაშის სიგნალის შემთხვევაში – თავშესაფრებში.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 24 თებერვლიდან 14 მარტამდე გაეროს დადასტურებული აქვს სულ მცირე 630 მშვიდობიანი უკრაინელის დაღუპვის ფაქტი. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად კი, მხოლოდ ქალაქ მარიუპოლში დაღუპულია 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

133 ნახვა
desktop
mobile catfish