პრეზიდენტი ნატოს სწავლებაზე: ამ ურთულეს პერიოდში მნიშვნელოვანია თავდაცვის უწყვეტი განვითარება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ევროპისთვის, მსოფლიოსითვის და საქართველოსთვის რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობის უწყვეტი განვითარება, მისი მდგრადობის გაძლიერება და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლება​. ამის შესახებ მან ნატო-საქართველოს სწავლება 2022-ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.

“2019 წელს, როდესაც მეორედ ჩატარდა ნატო-საქართველოს სწავლება, საქართველო იყო ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის პირველი ქვეყანა, რომელსაც ნატოს ერთობლივი სწავლების ჩატარების მართვის და ხელმძღვანელის ფუნქციის შესრულება დაეკისრა. ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება და აღიარება იმ სანდო და საიმედო პარტნიორობისა, რომელიც საქართველომ მრავალჯერ დაუდასტურა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.

აღსანიშნავია, რომ ალიანსის წევრმა და პარტნიორმა 20-მა ქვეყანამ და 560-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა ამ სწავლებაში. რუსეთის მრავალგზის მუქარაზე ეს თავისთავად პასუხია. მინდა მათ ყველას მადლობა მოვახსენო”, – თქვა პრეზიდენტმა.

მან მადლობა გადაუხადა სწავლების მონაწილეებს, საქართველოს პარტნიორებს იმ წვლილისთვის, რომელითაც ეხმარებიან საქართველოს თავდაცვის ძალებს.

“ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სხვადასხვა ინიციატივებს შორის, კიბერუსაფრთხოება და სტრატეგიული კომუნიკაციები იყო მიმდინარე სწავლების ძირითადი მიმართულებები. ამ სფეროებში საქართველოს შესაძლებლობების განვითარება კრიტიკულად აუცილებელია დღეს არსებულ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად…

მადლობას მოგახსენებთ მტკიცე ერთიანობისთვის, რომელსაც ევროპისა და რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ავლენთ. საამაყოა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ურთულეს ამ პროცესში და ამ ურთულეს პერიოდში”, – თქვა მან.

ნატო-საქართველოს მიმდინარე სწავლება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტთან ერთად პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ, ხვალ, 25 მარტს, მე-11 დღეს სრულდება.

წელს, რიგით მესამე სწავლება კომპიუტერული სიმულაციებით ოპერაციების დაგეგმვისთვის საჭირო უნარების გამოვლენას, ათვისებასა და განვითარებას ეძღვნებოდა. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

259 ნახვა
desktop
mobile catfish