გაძვირდება თუ არა პური – პურის მცხობელთა ასოციაცია

საქართველოში ფქვილი და ხორბალი ისევ გაძვირდა. თუმცა როგორც პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საქართველოში პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის.

მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ფასს ახლა რუსეთიდან შემოტანილი ფქვილი აბალანსებს.

„ახლა წისქვილებში ხორბლის მარაგების პრობლემა არ დგას. საქართველოში დამზადებული ფქვილი ძვირია. გასაგები მიზეზის გამო, ბოლო პერიოდში კიდევ 40 დოლარით მოიმატა ხორბლის თვითღირებულებამ. ამას ემატება საბაჟო გადასახადი, რომელიც მუდმივად მზარდია და საბოლოო ჯამში ტრანსპორტირების ჩათვლით ერთი ტონა ხორბლის შემოტანა 350 დოლარიდან 500 დოლარამდე გაიზარდა. ფქვილი დაუბეგრავად შემოდის და ეს აბალასებს ვითარებას. ერთი ტომარა რუსეთიდან შემოტანილი ფქვილის გასაყიდი ფასი 65-67 ლარია, როცა ადგილობრივი წარმოების 80 ლარს სცდება. ამიტომ, ამ მოცემულობით, პურის ფასი ბოლო პერიოდში არ გაზრდილა და მოსალოდნელიც არ არის.

რა თქმა უნდა, არასასიამოვნო სიგნალები ისმის ომი ფონზე მოლოდინებთან დაკავშირებით. იცით, რომ ევროპარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ 5 მლრდ-ით დაეხმაროს ქვეყნებს სასურსათო უსაფრთხოების საკითხში. ანუ ეს გამოწვევა მთელს მსოფლიოს უდგას, მით უფრო, რომ ომი იმ ქვეყნებშია, რომლებიც მთელს ევროპას ამარაგებენ პურ-პროდუქტებით. ჩვენთანაც, თუ საჭირო გახდა რამე მექანიზმით ალბათ, ამას სახელმწიფო დააზღვევს. არაორდინალური ვითარებაა და ეს საჭიროცაა. ახლა შავ ზღვაში უფრო მეტი საბრძოლო გემი დადის, ვიდრე სავაჭრო“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

ინფორმაციისთვის, რუსეთის მიერ ხორბალზე საბაჟო გადასახადის დაწესების შემდეგ, ფქვილის იმპორტი მზარდია. საქართველოში მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 23,057 ტონა ფქვილი შემოვიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მხოლოდ 2,321 ტონა.

159 ნახვა
desktop
mobile catfish