საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, 13 იანვარს, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში უკვე გაემგზავრა.
„თავისუფლება შეტევაში: ბრძოლა უსაფრთხო ევროპისთვის“ Renew Europeis - ის მიერ ორგანიზებულ ფორუმს ესწრება ასევე, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე. ფორუმზე თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე, ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გზებს განიხილავენ. ფორუმის ფარგლებში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში „დემოკრატიის ფარი“, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვასა და მედიის თავისუფლებას ეძღვნება. პანელის მონაწილეები იქნებიან: ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო, (სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი მარიჯე შააკე და ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წარმომადგენელი.
დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ევროკავშირისა და NATO-ს საკითხებში უფროსი კორესპონდენტი ტერი შულცი. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები და ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.