ბოლო 24 საათში გერმანიაში ვირუსი 200 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა

მსოფლიო „ომიკრონის“ ახალ ვარიანტს ებრძვის. ბოლო 24 საათში გერმანიაში ვირუსი 200 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

BA.2 უკვე თითქმის მთელ მსოფლიოში დომინანტურია. „ომიკრონის“ ქვეტიპი საწყისი ფორმისგან 30%-ით უფრო გადამდებია და რამდენიმე მუტაციის წარმოქმნა შეუძლია.

BA.2 „ომიკრონის“ ქვეშტამია, რომელიც საქართველოში სხვა შტამებთან ერთად ცირკულირებდა. ტალღა გადავლილია და ექიმები პროგნოზირებენ, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში სტაბილური ეპიდსიტუაცია იქნება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე თვეში ახალი ტალღა განვითარდეს.

ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ ახალი ტალღის განვითარების რისკები არსებობს, თუმცა, მომზადების შემთხვევაში იქნება ბევრად მსუბუქი, ვიდრე იყო წინა ტალღა.

„ალბათობა ყოველთვის არის, რომ ქვეყანაში ახალი შტამები გავრცელდეს. უპირველეს ყოვლისა, ამის საწინააღმდეგოდ აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის კარგად წარმართვა. შტამი, რომელიც ასოცირებულია „ომირკონთან“, ძირითადად მაინც საყურადღებოა, განსაკუთრებით, რისკ-ჯგუფებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადება.

სიტუაციის სტაბილურობისთვის აუცილებელია ვაქცინაციის ჩატარება. თუ თეორიულად მოხდება და ეპიდსიტუაცია „ომიკრონთან“ ასოცირებული ქვეშტამებით და რეკომბინატი შტამებით გაუარესდება, ჩვენ მზად ვიყოთ.

ვიცით, რომ ახალგაზრდებში შედარებით მსუბუქად მიდის და თუ რისკ-ჯგუფების დიდი ნაწილი იქნება ვაქცინირებული, ეს მოგვცემს იმას, რომ არ გაიზრდება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და არ გვექნება მაღალი სიკვდილიანობა.

სიმპტომების გარჩევა „დელტა“ შტამისგან შესაძლებელია. როგორც „ომიკრონს“, ასევე BA.2 ახასიათებს ძირითადად ზემო სასუნთქი გზების დაზიანება. შეიძლება იყოს სურდო, ყელის ძლიერი ტკივილი, მშრალი ხველა, ხმის შეცვლა და ა.შ. რადგან „ომიკრონის“ ქვეშტამია, მისი მსგავსი სიმპტომები ახასიათებს.

„დელტას“ უფრო ქვემო სასუნთქი გზების დაზიანება და პნევმონია ახასიათებს. თუმცა, „ომიკრონის“ ქვეშტამებს, თუნდაც BA.2-ს, ასაკოვნებში და არავაქცინირებულებში შეუძლია ისეთივე პრობლემები შექმნას, როგორც „დელტას“ და გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია, თუმცა, ძირითადად, ეს არის ზემო სასუნთქი გზების დაზიანებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. 

68 ნახვა
desktop
mobile catfish