პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა - ყოფილ პრემიერ მამუკა ბახტაძეს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სუსი-ს ყოფილ უფროსს, დაზვერვის სამსახურის უფროსს, ფინანსთა მინისტრს "ჩორჩანას საქმეზე" სასამართლოში მოსვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ
5 წუთის წინ

ბერდია სიჭინავა - ყოფილ პრემიერ მამუკა ბახტაძეს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სუსი-ს ყოფილ უფროსს, დაზვერვის სამსახურის უფროსს, ფინანსთა მინისტრს "ჩორჩანას საქმეზე" სასამართლოში მოსვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ

პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, გიორგი გახარიას ადვოკატი, ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ ჩორჩანას საქმის არსებით განხილვაზე სადაც დაცვის მხარემ ორი შუამდგომლობა დააყენა. კერძოდ, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე ითხოვდა გიორგი გახარიას სხდომაზე დისტანციურად დასწრებას და მის წინააღმდეგ აღძრული ორი საქმის გაერთიანებას.

სიჭინავას განმარტებით, ორივე მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რაც მან „უსაფუძვლოდ და არარაციონალურად“ შეაფასა.

"როგორც იცით, დღეს "ჩორჩანას საქმის" არსებითი განხილვა დაიწყო. დაცვის მხარის მხრიდან წარმოდგენილი იყო ორი შუამდგომლობა: ერთი - გიორგი გახარიას სხდომაზე დისტანციურად დასწრებაზე, რადგან ეს უფლება ევროპული კონვენციით და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არის გარანტირებული, შესაბამისად, ნებისმიერი არგუმენტი, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, რა თქმა უნდა, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მეორე შუამდგომლობა, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა სრულიად არარაციონალური ახსნით, თითქოს, საქმეთა გაერთიანების შუამდგომლობა არ იყო არგუმენტირებული, მაშინ, როდესაც ერთი და იგივე ბრალდებულის მიმართ არის ორი სისხლის სამართლის საქმე წარმოებული, ერთი და იგივე ბრალმდებელია პროკურატურა და ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, ერთსა და იმავე მოსამართლეს აწერია ორივე საქმე. წარმოუდგენელია ორ სხვადასხვა დროს გვიწევდეს სასამართლო პროცესების ჩატარება, როდესაც მოსამართლე ერთია, ბრალდებული ერთია, პროკურატურა ერთია. სრულიად აუხსნელი და ირაციონალურია ამ საქმეების დაყოფა“, - აცხადებს სიჭინავა.

სიჭინავას თქმით, თუ ჩორჩანაში განხორციელებული ქმედებები ეროვნული ინტერესების დაზიანებად მიიჩნევა, მაშინ პასუხისმგებლობა ეკისრებათ პირებსაც, რომლებიც იმ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ და მოგვიანებით გიორგი გახარიას მთავრობის წევრებიც იყვნენ.

მისივე განცხადებით, აღნიშნულ პირებს სასამართლოში მოუწევთ განმარტებების გაკეთება.

„რაც შეეხება "ჩორჩანას საქმეს", ამ სისხლის სამართლის საქმეს მართლმსაჯულებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქმე, სადაც ჩემდა სამწუხაროდ, საქართველოს პროკურატურა ეროვნულ ინტერესებს ხელყოფს, ამ საქმეზე დევნის განხორციელებით, ერთი მხრივ, ის პრეტენზიები, რასაც ქართული პროკურატურა გიორგი გახარიას უყენებს, ერთი-ერთში ემთხვევა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკას. შესაბამისად, სამართლიანობაზე არ იქნება საუბარი. ჩვენ მიმოვიხილეთ მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნები, ანგარიშები, რომელიც მქუხარე ტაშით იქნა მოწონებული და საქართველოს პარლამენტის მხრიდან დადებითად განხილული.

ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თუ ეროვნული ინტერესების რაღაცა ხელყოფის აქტი განხორციელდა ჩორჩანაში, ქართულ მიწაზე, ქართული მიწის დაცვისთვის, ქართული საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმით, როგორ აირჩიეს გიორგი გახარია ამ ადამიანებმა და როგორ გამოუცხადეს ნდობა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ორჯერ. ამ ადამიანების სიტყვას არც მაშინ ჰქონია ფასი და არც ახლა აქვს ფასი იმიტომ, რომ ზუსტად იმავეს გააკეთებენ, რასაც უბრძანებს ერთი ადამიანი, მათი სუვერენი, მათი პატრონი, ბიძინა ივანიშვილი და, სწორედ მისი შეკვეთით ხორციელდება დღეს მართლმსაჯულება გიორგი გახარიას მიმართ - არა მართლმსაჯულება, არამედ პოლიტიკური მართლმსაჯულება, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის აქტი.

რა თქმა უნდა, მოუწევს აქ მობრძანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და იმის ახსნა თუ როგორ არ იცოდა ინფორმაცია საგუშაგოს აგების შესახებ და საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიიდან, ცხელი ხაზის მეშვეობით როგორ გაიგო საგუშაგოს აგების შესახებ. თუ ეროვნული ინტერესების ღალატს ჰქონდა ადგილი, მას, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუდმივ მოქმედ საბჭოს წევრს, რატომ არ აქვს დაყენებული ეს საკითხი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე? რატომ დუმდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და იმ ადამიანის მთავრობაში რატომ მოიპოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, როდესაც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ნდობა იქნა გამოცხადებული? რატომ დათანხმდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას, თან ერთხელ კი არა, ორჯერ — ეს არ დაგავიწყდეთ. ამ ადამიანებს, მათ შორის არა მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, რომელიც ახლა მრჩეველია რაღაც განათლების საკითხებში, მათ შორის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დაზვერვის სამსახურის უფროსს, ფინანსთა მინისტრს, პრემიერ- მინისტრ ბახტაძეს, რომელიც არაფრის საქმის კურსში არ იყო თურმე, მოუწევს აქ მობრძანება და კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა იმიტომ, რომ ეს არ არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ, ეს არის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი, რომელმაც შეიძლება ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დააზიანოს", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები