ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ პროფესიული პასუხისმგებლობა 14 ექიმს დააკისრა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 7 საკითხი განიხილეს და 19 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.

„საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 7 ექიმს, მათ შორის 4 ექიმს 6 თვით, 3 ექიმს კი 1 თვის ვადით. ამასთანავე ექიმებს დაევალათ პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. პროფესიული განვითარების საბჭომ 7 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მისცა. საბჭომ გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო.

პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

83 ნახვა
desktop
mobile catfish