საქართველოს პრეზიდენტი – დღეს, უსასტიკეს პირობებში უკრაინა იბრძვის საკუთარი მიწისა და სახელმწიფოს გადასარჩენად

დღეს, უსასტიკეს პირობებში, უკრაინა იბრძვის საკუთარი მიწისა და სახელმწიფოს გადასარჩენად, იბრძვის საკუთარი ენისთვის – ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და ვიცით, მათი ასეთი შემართებით შეუძლებელსაც შეძლებენ, ამ დღეს ვუძღვნით მათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ორბელიანის სასახლეში გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა მოსახლეობას სახელმწიფო ენის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ენის დღე ეკუთვნის იმ უმნიშვნელოვანესი თარიღების რიგს, რითაც საქართველომ შეძლო საკუთარი მეობის შენარჩუნება, სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და გაძლიერება, რითაც დღემდე მოვიდა.

„შეიძლება ითქვას, რომ 1978 წლის 14 აპრილით იწყება ჩვენი მსვლელობა საბჭოთა ოკუპაციისგან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ.

კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვა და არდათმობა, შუა ეროვნული მოძრაობა უტოლდება სხვა ისტორიულ თარიღებს და გამარჯვებებს. 1917 წლის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, 1918 წლის და 1991 წლის დამლუკიდებლობის აქტის მიღებას. ამ გამარჯვებებზე დგას დღესაც ჩვენი სახელმწიფო. 221 წელს კი, რუსეთი ეცადა საქართველოსთვის წაერთმია სახელმწიფოც, ენაც და დამოუკიდებლობაც, თუმცა, მიუხედავად რუსიფიკაციასთან უთანასწორო ბრძოლისა, საქართველომ შეძლო დამოუკიდებლობასთან ერთად, გადაერჩინა თავისი 16-საუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა, შეენარჩუნებინა სამი ქართული ანბანი და ამავე დროს მოეხდინა ქართული ენის მოდერნიზაცია”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ქართული კულტურის წინააღმდეგ ომს რუსეთი დღეს აფხაზეთში აგრძელებს.

„რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად, აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალში და მიმდებარე სოფლებში კი მცხოვრებ ქართველებს ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება. ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა. რამე თუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისათვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა საზოგადოებას შეახსენა, რომ „სწორედ რუსიფიკაციის 200-წლოვანი ისტორიის შედეგია, რომ კავკასიურ ოჯახის ენათა აბსოლუტური უმრავლესობა დღეს გაქრობის საფრთხის წინაშეა”.

„ეს, როდესაც კავკასია თავისი ენობრივი მრავალფეროვნებით, ანტიკური დროიდან აკვირვებდა მსოფლიოს და არაბები მას ეძახდნენ ენათა მთას. ეს სიმდიდრეც ჩვენი დასაცავია და ამისთვის მივმართეთ იუნესკოს, რათა კავკასიური ენების დაცვის დღე გამოაცხადოს.

45 წლის წინ საბჭოთა წნეხის ქვეშ ქართველმა საზოგადოებამ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ენა. დღეს, უსასტიკეს პირობებში, უკრაინა იბრძვის საკუთარი მიწის და სახელმწიფოს გადასარჩენად, იბრძვის საკუთარი ენისთვის. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და ვიცით, მათი ასეთი შემართებით შეუძლებელსაც შეძლებენ. ამ დღეს ვუძღვნით მათ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

432 ნახვა
desktop
mobile catfish