ირაკლი ღარიბაშვილი – განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას ვიწყებთ

განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას ვიწყებთ – სამუშაოების დაწყება ჩვენ წელსვე გვინდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დამატებით, 20 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„ჩვენ ინიციატივა დავამუშავეთ, რომელიც მე რამდენიმე კვირის წინ გავაჟღერე. ეს ეხება ზოგადად, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას და ჩვენ დღეს უკვე ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას. სამუშაოების დაწყება ჩვენ წელსვე გვინდა და 3-დან 4 წლამდე, დაახლოებით, 3 წელში გვინდა, რომ ყველა სამუშაო დასრულებული იყოს. დაფინანსების ჯამური მოცულობა დაახლოებით 2.5, შეიძლება 2.3 მილიარდი ლარიც იყოს. ჩვენ ამ ეტაპზე 2 მილიარდი ლარით დავიწყებთ. ეს თანხა იქნება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის.

ჩვენ სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ, რომ ჩვენი გარანტირებული დაკვეთით დამატებითი ფინანსური რესურსი მოიზიდონ და ამ პროგრამაში ჩაერთონ. ვფიქრობ, ეს იქნება უნივერსალური გადაწყვეტილება. ერთის მხრივ, ჩვენ დაგეგმილ პროექტებს ვადაზე ადრე განვახორციელებთ, მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდას დაეხმარება. ასევე, ბიზნესისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მომავალი 3 წლის განმავლობაში 80 სკოლა და 90 საბავშვო ბაღი აშენდება. გარდა ამისა, დაგეგმილია სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია.

„სკოლების მიმართულებით გახსოვთ, რომ ჩვენ ბოლო 8-9 წლის განმავლობაში 175 სკოლა ავაშენეთ და 220-ზე მეტი სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

ჩვენ დღეს ჯამში, 800 სკოლის მოწესრიგება უნდა განვახორციელოთ. აქედან, 80 ახალი სკოლის აშენება მოგვიწევს, 220 სკოლას სრული რეაბილიტაცია, დარჩენილს კი ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ბიუჯეტი დაახლოებით, მილიარდი ლარი იქნება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ ასევე, საბავშვო ბაღების მდგომარეობაც შევაფასეთ, რომელიც კრიტიკულია. ძალიან ბევრი საბავშვო ბაღი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, განსაკუთრებით რეგიონებში. ამიტომ ასევე, გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, 90 საბავშვო ბაღი აშენდება და 412 ბაღი რეაბილიტირდება.

რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ჩვენი მომავალი თაობა, ბავშვები ძალიან ჯანსაღ გარემოში იზრდებოდნენ და განათლებას იღებდნენ, ამიტომ აუცილებელია, რომ სკოლები, საბავშვო ბაღები იდეალურ მდგომარეობაში იყოს. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა,“ – აღნიშნა პრემიერმა.

203 ნახვა
desktop
mobile catfish