პოლიტიკა

პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის შედეგად, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზე გავრცელდება
2 საათის წინ

პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის შედეგად, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზე გავრცელდება

პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტიკა პროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზე გავრცელდება.

საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით 79-ხმით მიიღეს (9 წინააღმდეგი).

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში მორიგ ჯერზე განხორციელებული ცვლილების მიხედვით, დგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთან, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, კანონში იწერება, რომ დაუშვებელია ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციითა და საგნებით გადაკეტვა.

შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორს ეკისრება ვალდებულება, შეკრებისა ან მანიფესტაციის თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილოს. გაფრთხილების მიღების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება, შეკრებისა ან მანიფესტაციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილისა და სვლა-გეზის ცვლილება იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ შეთავაზებული შეკრების ფორმა, ჩატარების ადგილი ან სვლა-გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას და ასევე, ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას.

თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე ან სვლა-გეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და შეკრება ან მანიფესტაციას მაინც იმ ადგილას ჩაატარებენ, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს - 20 დღემდე ვადით. ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, მონაწილეს ან ორგანიზატორს დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.

პროექტი პარლამენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარუდგინა.

„თუ შეკრება ან მანიფესტაცია გაფრთხილების მომენტში სხვათა უფლებებს არ არღვევდა, მაგრამ უფლებების დარღვევაში გადაიზარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ პირებს გააფრთხილებს და ეტყვის, რომ მათი აქცია სხვათა უფლებებს ლახავს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აქციის შეწყვეტა არ მოხდება, მაგრამ პირები ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დაექვემდებარებიან.

ამავდროულად, იმ შემთხვევაში თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეები გზას მასობრივად გადაკეტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ გააფრთხილებს -15 წუთს მისცემს იმისათვის, რომ კანონდარღვევა აღკვეთონ, ხოლო თუ 15 წუთის განმავლობაში კანონდარღვევა არ აღიკვეთება ანუ სავალი გზა არ გათავისუფლდება, მთლიანად აქცია კანონგარეშედ ჩაითვლება. შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება აქციის შეწყვეტის თაობაზე და აქციის თითოეულ მონაწილეს დაუდგება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რაც არის ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ერთ წლამდე ვადით. ის პირები, რომლებიც არამასობრივად გადაკეტავენ გზას და გადავლენ სავალ ნაწილზე, დაექვემდებარებიან შესაბამის პასუხისმგებლობას, ხოლო აქციის სხვა მონაწილეებს, რომლებიც არ ბლოკავენ ტრანსპორტის სავალ გზას ან არ აფერხებენ ხალხის გადაადგილებას ან არ ლახავენ სხვათა უფლებებს, რა თქმა უნდა, არავითარი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ და კანონის დაცვით შეძლებენ თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები