პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - ეს რუსული რეჟიმი ნამდვილად შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ყველაზე დანაშაულებრივი
10 წუთის წინ

სალომე ზურაბიშვილი - ეს რუსული რეჟიმი ნამდვილად შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ყველაზე დანაშაულებრივი

„ეს რუსული რეჟიმი ნამდვილად შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ყველაზე დანაშაულებრივი. დღევანდელი ჩემი გამოსვლა მინდა მივუძღვნა იმ საკითხს, რომელიც ყველას გვეხება. ჩვენ ყველას გვყავს ვიღაც, რომელიც ცხოვრობს ემიგრაციაში. საქართველოდან წასული არის მილიონზე მეტი ადამიანი და დღეს უკვე ალბათ მილიონ ნახევარზე ავიდა ეს რიცხვი. ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ ნაწილი, არიან ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ამ ქვეყნის ყველა მხრივ. ყველამ ვიცით, თუ რამდენი ხორციელდება ფულის გადმორიცხვები, რომელიც ავსებს ბიუჯეტს, რომელსაც, როგორც ჩანს, დღეს ძალიან უჭირს. ჩვენი საზოგადოების ეს ნაწილი სწორედ იმიტომ არის წასული ქვეყნიდან, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო მისთვის ვერც იმ პოლიტიკური პირობების შექმნა, ვერც ეკონომიკური პირობების შექმნა, რომელიც ამ ადამიანებს ან დააბრუნებდა ან მათ არ მისცემდა იმის სურვილს, რომ წასულიყვნენ, ამიტომ არსებობს სახელმწიფოს ვალდებულება მათ მიმართ, რომ ყველანაირად შეუნარჩუნონ მათ კავშირები ქვეყანასთან, რადგანაც მეტი ძალა პატარა ქვეყნებს, როგორიც არის ჩვენი, არ გააჩნიათ, თუ არა დიასპორა.

ჩვენთან არაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ (ემიგრანტებს) ხელი შევუწყოთ, რომ მათ შევუქმნათ ახალი პირობები, რათა ქვეყანაში დაბრუნების სურვილი გავუჩინოთ და პირიქით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ იგრძნონ, დიდი განხეთქილებაა მათთა და ჩვენს შორის.

მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ მათ მიმართ, პირველ რიგში იმიტომ, რომ მე ვიყავი იმ კანონის სათავეში, რომელმაც ბოლოს და ბოლოს გააჩინა საშუალება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა მიეღოთ და შეენარჩუნებინათ საქართველოს მოქალაქეობა, რაც ასევე პატარა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მას შემდეგ, რაც ვიყავი ამ კანონის სათავეში და მას შემდეგ, რაც მქონდა პრეზიდენტის მანდატი ექვსი წელი, არ გამიჩერებია ბრძოლა იუსტიციის სამინისტროსთან და სხვადასხვა უწყებასთან იმისთვის, რომ გამარტივებული ყოფილიყო ორმაგი მოქალაქეობის მიღება და საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ეს გაგვემარტივებინა, ამ ყველაფრით ჩვენ, იმის ნაცვლად, რომ ვუთხრათ, რომ მოდით, იყავით ჩვენი ნაწილი, ვეუბნებით, რომ არა, თქვენ იქ იყავით, ოღონდ ფული გამოაგზავნეთ საქართველოში - ეს არის დამოკიდებულება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მეხუთე მუხლს, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ეს არის კონსტიტუციით მოცემული ვალდებულება და როგორ იქცევა ეს რეჟიმი, თითქოს არ უნდოდეს, რომ საქართველო იყოს უფრო ძლიერი. ის დიასპორა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია, ეს არის რეალურად ჩვენი ნამდვილი წარმომადგენელი და არა ის ელჩები, რომლებიც მონად არიან ქცეული. ესენი არიან, ვინც დღეს აცოცხლებენ საქართველოს კულტურას გარეთ, საქართველოს ეკონომიკას, რეალური ინვესტიცია, თუ რამე შემოდის და არა მოჩვენებითი, ესეც არის მათი დამსახურება.

ამიტომ, დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელსაც ბატონი პაპუაშვილი ესოდენ სიამაყით აცხადებს, რომლითაც ჩვენ მათ ვართმევთ საარჩევნო უფლებას, კიდევ უფრო გაუგონარი და გამაოგნებელია.

ამ შემთხვევაში მე არავის ვიცავ, სულ არ მაინტერესებს ის მილიონ ნახევარი ადამიანი ვის მხარეს არის, არც ის მაინტერესებს, არჩევნებში ვის მისცემდნენ ხმას, აქ ლაპარაკი არის მათ უფლებაზე, რომ იყვნენ ამ ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეები. თუ გაქვს ამ ქვეყნის პასპორტი და მოქალაქეობა, ის უფლებაც უნდა გქონდეს, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

ის, რაც ბოლო არჩევნებზე გაკეთდა, ის დისკრიმინაცია, რომელზეც დღეს ალბათ სტრასბურგის სასამართლო ბჭობს და საჭიროა, რომ უფრო სწრაფად იმსჯელოს ამ საკითხზე, არის სრული დარღვევა ყველა კონსტიტუციური პრინციპების. ჩვენი კონსტიტუციის თითქმის ყველა მუხლი არის ფეხქვეშ გათელილი. ეს არის ჩვენი რეალობა, მაგრამ დღეს მე გული მტკივა იმ ქართველების გამო, რომლებიც ამ ქვეყნისთვის იღვწიან იქ, სადაც არიან, რომლებსაც აქვთ ერთი სურვილი, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნდნენ სრულყოფილად და დღეს ეს რეჟიმი მათ ეუბნება, თქვენ არ ხართ ჩვენი შვილებიო”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები