ილია დარჩიაშვილი: საქართველოს მომავალი ევროპულია, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია!

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს წევრ ქვეყნებთან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

„კერძოდ, განვახორციელე შეხვედრები და სატელეფონო ზარები ევროკავშირის წევრი ქვეყნების თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრთან; საქართველოს საელჩოებს მიეცათ ინსტრუქცია ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან, კვლევით ცენტრებთან და სხვა საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე ორგანიზაციებთან აქტიურად მუშაობის თაობაზე საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდამჭერი პოზიციების ფორმირების მიზნით;

საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს თბილისში აკრედიტებული ქვეყნების საელჩოებთან და ევროკავშირის დელეგაციასთან. მიმდინარეობს პროცესი საქართველოს ელჩების, საელჩოების წევრ ქვეყნებში გამართულ შესაბამის დისკუსიებში მონაწილეობისა და პოზიციების დაფიქსირების მიმართულებით. მსურს ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის დაყენება საქართველოს მოსახლეობის, ჩვენი სახელმწიფოს ერთიანი ძალისხმევის, მისი ისტორიული, პოლიტიკური არჩევანის მანიფესტაციაა. საქართველოს ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არა აქვს და ის მთელი ქვეყნის, ჩვენი, ყველას მონაპოვარი იქნება. საქართველოს მომავალი ევროპულია, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია!“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

189 ნახვა
desktop
mobile catfish