საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2026 წლის 25 აგვისტოს გვაცნობა, რომ 27 აგვისტოს, 15:00 საათზე, განიხილავს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთისთვის" პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს.
საქმე ეხება ჩვენი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი შპს "აქცეპტის" საკუთრების სტრუქტურაში კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებულ ცვლილებას.
მნიშვნელოვანია ფაქტების ზუსტად განმარტება: "თრიალეთის" წილები არ გასხვისებულა. "აქცეპტი" ცვლილებამდე და ცვლილების შემდეგაც ჩვენი კომპანიის 10%-იანი წილის მესაკუთრედ დარჩა.
ცვლილება უშუალოდ შპს "აქცეპტში" განხორციელდა: 2026 წლის 27 მარტს ლერი კაპანაძემ "აქცეპტში" კუთვნილი 80%-იანი წილი კახა კობიაშვილს გადასცა, რის შედეგადაც კახა კობიაშვილი "აქცეპტის" 100%-იანი მესაკუთრე გახდა.
"თრიალეთი" ამ გარიგების მხარე არ ყოფილა, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია და გარიგების დაგეგმვის თაობაზე წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა.
ცვლილება თავად "თრიალეთმა" აღმოაჩინა. ინფორმაციის მიღებისთანავე, 2026 წლის 14 აგვისტოს, კომპანიამ განახლებული მონაცემები კომისიას წერილობით მიაწოდა.
ამიტომ კომისიას ვუსვამთ მარტივ და პრინციპულ კითხვებს:
რომელი სამართლებრივი ნორმა ავალდებულებდა "თრიალეთს", წინასწარ სცოდნოდა დამოუკიდებელი კომპანიის პარტნიორებს შორის დაგეგმილი კერძო გარიგების შესახებ, როდესაც "თრიალეთი" არც ამ გარიგების მხარე იყო და არც მის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული?
როგორ უნდა შეასრულოს ავტორიზებულმა პირმა წინასწარი შეტყობინების ვალდებულება იმ ინფორმაციის გარეშე, რომელიც მას არ გააჩნია?
ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს არა მხოლოდ საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ცვლილება, არამედ ისიც, ჰქონდა თუ არა "თრიალეთს" ამ ცვლილების წინასწარ ცოდნის რეალური და ობიექტური შესაძლებლობა.
განსაკუთრებით მიუღებელია, რომ პასუხისმგებლობის წარმოების საფუძვლად იქცა ინფორმაცია, რომელიც "თრიალეთმა" თავად გამოავლინა და კეთილსინდისიერად მიაწოდა კომისიას.
ჩვენ მოვითხოვთ:
· "თრიალეთის" მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას;
· საქმის ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების სრულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოკვლევას;
· მკაფიო პასუხს, რა მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ "თრიალეთმა" შპს "აქცეპტში" დაგეგმილი ცვლილების შესახებ წინასწარ იცოდა ან ობიექტურად შეეძლო სცოდნოდა;
· განმარტებას, რომელი სამართლებრივი ნორმა აკისრებდა "თრიალეთს" მესამე პირებს შორის დაგეგმილი გარიგების წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას.
კანონის მოთხოვნა უნდა იყოს მკაფიო, განჭვრეტადი და პრაქტიკულად შესრულებადი, ხოლო პასუხისმგებლობა - ინდივიდუალურად, სამართლიანად და დამაჯერებელი მტკიცებულებებით დასაბუთებული.
უკვე ერთ წელზე მეტია, შპს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" საჯაროდ საუბრობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხრიდან კომპანიის მიმართ ზეწოლისა და მის საქმიანობაში შესაძლო ჩარევის შემთხვევებზე.
ამ გარემოებების შესახებ არაერთხელ ვაცნობეთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ველოდით, რომ კომისია, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, საკითხით დაინტერესდებოდა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლიდა მიწოდებულ ინფორმაციას, შეაფასებდა, ხომ არ ჰქონდა ადგილი მაუწყებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევას, ზეწოლას ან სხვა სახის დარღვევას და, საჭიროების შემთხვევაში, თავად მოახდენდა რეაგირებას ან საკითხს უფლებამოსილ ორგანოს გადასცემდა.
ამის ნაცვლად, "თრიალეთის" მიერ ზეწოლის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია რეაგირების გარეშე დარჩა, თუმცა კომისია კომპანიას იმ გარიგების გამო ედავება, რომელშიც მას მონაწილეობა არ მიუღია და რომლის შესახებაც წინასწარ არაფერი იცოდა.
ეს მკვეთრი კონტრასტი სერიოზულ კითხვას აჩენს: რატომ იკვლევს კომისია "თრიალეთის" პასუხისმგებლობას, მაგრამ არა მის მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტებს?
მოვუწოდებთ კომისიას, შეწყვიტოს დაუსაბუთებელ გარემოებებზე დაფუძნებული, "თრიალეთისთვის" პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესი;
ამასთანავე, სრულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად შეისწავლოს "თრიალეთის" მიმართ ზეწოლისა და მის საქმიანობაში ჩარევის ყველა ფაქტი და მიღებული შედეგების შესახებ ოფიციალურად გვაცნობოს.
შპს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი"