რასმუსენი: დასავლეთმა პირველი შეცდომა 2008 წელს დაუშვა, როდესაც საქართველოსა და უკრაინას ნატოსკენ მკაფიო გზა არ დაუსახა

დასავლეთმა პირველი შეცდომა 2008 წელს დაუშვა, როდესაც საქართველოსა და უკრაინას ნატოსკენ მკაფიო გზა არ დაუსახა, – განაცხადა ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ჟურნალ Foreign Policy-სთან ინტერვიუში.

რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატოს წევრები ვერ შეთანხმდნენ საქართველოსა და უკრაინისათვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, ხოლო განხეთქილებამ არასწორი მესიჯი გაუგზავნა რუსეთს, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვის შემდეგ აგვისტოში შეიჭრა.

„ჩვენ პირველი შეცდომა 2008 წელს დავუშვით, როდესაც საქართველოსა და უკრაინას მკაფიო გზა არ შევთავაზეთ. ჩვენ ასევე დავუშვით შეცდომა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, როდესაც გარკვეული სანქციები შემოვიღეთ, მაგრამ ეს იყო მსუბუქი სანქციები. ამ ყველაფერმა პუტინს შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ მას შეეძლო, თითქმის ყოველგვარი ხარჯის გარეშე, გაეგრძელებინა და ძალით დაეპყრო მიწები“, – აღნიშნა ნატოს ყოფილმა წარმომადგენელმა.

რასმუსენმა გაიმეორა, რომ სამიტის დროს საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების მომხრე იყო, მაგრამ „ნატოში კონსენსუსს ვერ მიაღწიეს“.

411 ნახვა
desktop
mobile catfish