ლევან დავითაშვილი „ბორჯომზე“ – კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს კომპანია „ბორჯომში“ აქციების 7.73% ექნება, ხოლო დირექტორთა საბჭოში გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე დირექტორი ეყოლება.ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, სადაც დეტალურად ახსნა „ბორჯომსა“ და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.„“ინვესტმენტ ლიმიტედი“ არის „ბორჯომის“ მმართველი და მფლობელი კომპანია. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 1 104 აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცა.მეორე გარიგების მიხედვით, რეგულირდება კონკრეტული ურთიერთობები პარტნიორთა შორის. აქედან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფო დირექტორთა საბჭოში წარმოდგენილი იქნება ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით და ერთი დამკვირვებელი დირექტორით. შემდგომში აქციონერთა სტრუქტურა ასე განისაზღვრება – „ერასმონი ლიმიტედი რისაში“ იქნება 49.99% აქციების მფლობელი. ეს არის კომპანია, სადაც რამდენიმე მფლობელი იყო სანქცირებული და სანქცირებული პირები, რომლებსაც ჰქონდათ ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციები, აღარ იქნებიან უმრავლესობის მქონენი კომპანია „რისაში“, რომელიც ფლობს კომპანია „ბორჯომს“.მეორე მსხვილი აქციონერი კომპანიაში, ეს არის „Black Waters Limited“, რომელსაც გააჩნია 38.48% აქციების. ასევე, ძალიან მცირე წილი 3.79% ეკუთვნის „ბორჯომის“ ყოფილ თანამშრომელს და სხვადასხვა აქციონერებს, რომლებიც ჯამში ამ ოდენობას ფლობენ.მმართველობაში სახელმწიფო, როგორც მოგახსენეთ, წარმოდგენილი იქნება ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე იქნება მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი, დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, კონკრეტულად მას ექნება წარმმართველი როლი. ორი დირექტორი ეყოლება „ერასმონი ლიმიტედს“, ორი დირექტორი მეორე მსხვილ აქციონერს „Black Waters Limited-ს“ და ერთი აქციონერი, რომელიც გადამწყვეტი ხმის მქონეა, ეს არის დირექტორთა საბჭოს წევრი და მას წარმოადგენს სახელმწიფო. შესაბამისად, კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ არასანქცირებული აქციონერების ჯგუფმა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელზე დელეგირება მოახდინოს მმართველობის კუთხით, ესეც განსაზღვრულია ხელშეკრულებით და სახელმწიფომ სრულად შეძლოს კომპანიის მმართველობა.„ასევე, მინდა გითხრათ, იმ პროცესის შესახებ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გავიარეთ. ჩვენ დაგვჭირდა ბევრი იურიდიული დეტალის გავლა, დაზუსტება, შეფასება, რა პროცესშიც ჩართული იყო იუსტიციის სამინისტრო იმისთვის, რომ ჩვენ ისეთი პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება მიგვეღო, რომელიც მოახდენდა ჩვენი ინტერესების სრულად რეალიზებას, „ბორჯომს“ სრულფასოვანი საქმიანობის განხორციელება შესძლებოდა, რაც დადასტურებულია კრედიტორი ბანკების მხრიდან. ასეთი გარიგების შემთხვევაში კომპანია სრულფასოვნად შეძლებს ფუნქციონირებას, საერთაშორისო გადარიცხვებში მონაწილეობას და საბანკო პროდუქტებით სარგებლობას. ჩვენი მიზანი ეს იყო. ასევე გვქონდა არაერთი კომუნიკაცია რამდენიმე მარეგულირებელთან, ეროვნულ ბანკთან ერთად, ეს არის ბრიტანეთის მარეგულირებელი და ევროპელი მარეგულირებლები. ასევე გვქონდა კომუნიკაცია ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, საელჩოებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით მივიღოთ ის, რასაც ვგეგმავთ ანუ კომპანია „ბორჯომის“ ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, საქართველოს სახელმწიფოს არ ჰქონდეს ისეთი ვალდებულებები, რომელსაც შეიძლება გარკვეული პრობლემების შექმნა გამოეწვია. ეს ხელშეკრულებაში მკაფიოდ არის განსაზღვრული და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. იმ შემთხვევაში თუ რაიმე იურიდიული ნიუანსია, რომელიც არ არის გათვალისწინებული, სახელმწიფო სრულად დაზღვეულია, დაზღვევის შესახებ პასუხისმგებლობა ხელშეკრულებაში არის და ამ შემთხვევაში ბათილი ხდება გარიგება თუ რაიმე სხვა ტიპის დაფარული რისკი შეიძლება არსებობდეს.სრულფასოვანი შესწავლისა და შეფასების შემდეგ, დროის მოკლე პერიოდში, სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილა მიიღო და ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ბრენდის წარმატებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს ვუპასუხოთ, რომლებიც საკმაოდ დაზიანდნენ სანქციების შემოღების დაწყებიდან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

192 ნახვა
desktop
mobile catfish