ერთ წელში საერთაშორისო ბაზარზე ხორბალი 48.5%-ით გაძვირდა

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, ზედიზედ მესამე თვეა, მსოფლიოში სურსათის ფასები ოდნავ მცირდება. ივნისში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა 2.3%-ით დაიკლო მაისთან შედარებით და 154.2 ქულა შეადგინა.

მიმდინარე წლის ივნისში მარცვლეულის საფასო ინდექსი მაისთან შედარებით 4.1%-ით შემცირდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 27.6%-ით გაიზარდა და 166.3 ქულიან ნიშნულზეა.

მართალია, უშუალოდ ხორბლის საერთაშორისო ფასი ივნისში გასულ თვესთან შედარებით 5.7%-ით შემცირდა, თუმცა 2021 წლის ივნისთან შედარებით 48.5%-ითაა გაზრდილი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ივნისში ფასის კლება განპირობებული იყო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ახალი მოსავლის სეზონური ხელმისაწვდომობით, მოსავლის გაუმჯობესებული პირობებით ზოგიერთ ძირითად მწარმოებელ ქვეყანაში და რუსეთში წარმოების ზრდის პერსპექტივით.

რაც შეეხება სხვა სურსათს, 1 თვეში შემცირდა მცენარეული ზეთის (-7.6%) და შაქრის (-2.6%) ფასები, რაც მაღალი ფასის გამო მოთხოვნის შემცირებამ და გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებამ გამოიწვია. ხორცისა (1.7%) და რძის პროდუქტების (4.1%) ინდექსი კი გაზრდილია როგორც წინა თვესთან შედარებით, ასევე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც.

237 ნახვა
desktop
mobile catfish