ტურისტული კომპანია “აჭარა ტურის” დამფუძნებელ ირაკლი თავართქილაძის შეფასებით, ქობულეთში, გონიოში, კვარიათსა და სარფში არასახარბიელო მდგომარეობაა, რადგან ტურისტული რეგიონები ტურისტებისგან თითქმის დაცლილია.
მისივე თქმით, ძირითადი დატვირთვა ბათუმზე მოდის.
“ტურისტული სეზონის გააქტიურება მხოლოდ ბათუმში იგრძნობა, მაგრამ აქაც ნათლად ჩანს ტურისტების ნაკლებობა. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტში სხვადასხვა მიმართულებით ფრენები გაზრდილია და მომატებულია ისრაელიდან და არაბული ქვეყნებიდან რეისები, ასევე გასათვალისწინებელია, რომ მთლიანად არის დაკარგული უკრაინის ბაზარი, რაც აჭარის ტურიზმის 40-50%-ს შეადგენდა,” – ამბობს ირაკლი თავართქილაძე.
მისივე თქმით, მართალია, ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები ასე თუ ისე დაკავებულია, მაგრამ საშუალო და დაბალი სეგმენტის სასტუმროები, ფაქტობრივად, ცარიელია, ამიტომაც ივლისში 30-35%-იანი დატვირთვით უწევთ მუშაობა.
“ბოლო ორი წელი ქობულეთი, კვარიათი და სარფი იყო სავსე ტურისტებით, თუმცა ახლა, ძირითადი მოთხოვნა, ანუ 70-80% ტურისტების მხრიდან ბათუმზე მოდის,” – განაცხადა ტურისტული კომპანია “აჭარა ტურის” დამფუძნებელმა.