სოსო გოგაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გოგაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებდა, რომ მიმალვის საფრთხე არ არსებობს, რის გამოც, პატიმრობის ნაცვლად, უფრო მსუბუქი ღონისძიება – გირაო უნდა გამოყენებულიყო. დაცვის მხარე დაკავებულის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

გოგაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

როგორც პროკურატურის აცხადებენ, გოგაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომა დახურულად წარიმართება.

272 ნახვა
desktop
mobile catfish