სახელმწიფო „მიწების დამწველებს“ აფრთხილებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დღეს, 19 ივლისს, მოქალაქეები გააფრთხილა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მცენარეული ნარჩენის დაწვა 500-დან 1300 ლარამდე ჯარიმით ისჯება. ერთი დღით ადრე, 18 ივლისს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოქალაქეებს მიმართა, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო გაზრდილია ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკი და მოუწოდა, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვონ. კახეთში, მიწის არაერთ ნაკვეთს, საიდანაც ხორბლის და ქერის მოსავალი უკვე აიღეს, ცეცხლი 18 ივლისსაც ეკიდა.

მარცვლეულის ყანების მცენარეული ნარჩენებისგან “გასუფთავების მიზნით” ნაკვეთებში ცეცხლის გაჩენის, გარემოს დამაზიანებელ პრაქტიკაზე ფერმერთა ნაწილმა უარი არც წელს თქვა. ფერმერი ნიკა ბაგალიშვილი ამბობს, რომ ალაზნისა და შირაქის ველებზე ათეულობით ჰექტარ ფართობზე ნამჯას ცეცხლი უკიდია: „ეს ინფორმაცია აქვს, მაგრამ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ რეაგირებს. როცა დავრეკე სამინისტროში მითხრეს, თუ კონკრეტულად იცით, ვინ გააჩინა ცეცხლი მოვალთ და დავაჯარიმებთო. ფაქტია, რომ ფერმერების 95 პროცენტი აკეთებს ამას. ერთ-ერთი გამოსავალი არის, რომ თანამედროვე კომბაინებს მიეცეთ ვალდებულება, ნამჯის დასაქუცმაცებელი მოწყობილობა ჩაუბან. ასე ნამჯა ფქვილად იქცევა და ნიადაგს შეერევა“. ნიკა ბაგალიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ჯარიმა 10 000-20 000 ლარამდეც კი უნდა გაზარდოს.

ცეცხლის ალში გახვეული ალაზნისა და შირაქის ველები თითქმის მთელი კახეთიდან ჩანს, განსაკუთრებით ღამით. გარემოს დამცველმა ამირან კოდიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პრობლემა იმაზე ბევრად მასშტაბური და საგანგაშოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს:„ზოგიერთი ფერმერი ალბათ, ფიქრობს, რომ ხანძრის გაჩენით მხოლოდ მავნებელ მწერს და მღრღნელს ანადგურებს და ეს დადებითი მოვლენაა, მაგრამ მავნებელთან ერთად ნადგურდებიან სასარგებლო ცხოველები, ფრინველები და მწერები. ნადგურდება მიწის ნაყოფიერი ფენაც, რაც ერთობლიობაში იწვევს მიწის დეგრადაციას“.

387 ნახვა
desktop
mobile catfish