ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავლებმა 2021 წელს 147.3 მლნ. ლარი შეადგინა – საქსტატი

2021 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 2.7 ათას კაცს შეადგენს, რომელთაგან 33.5 პროცენტი ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასაქმებულთა 47.6 პროცენტი ქალაქ თბილისზე მოდის.

„2021 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტების შემოსავლებმა 147.3 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 16.2 მლნ. ლარი (11 პროცენტი) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავლებია, 125.2 მლნ ლარი (85 პროცენტი) – სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლები, ხოლო 5.9 მლნ ლარი (4 პროცენტი) მიეკუთვნება სხვა სახის შემოსავლებს.

ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 92.8 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 27.4 მლნ. ლარია,“- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 194 ეკონომიკური სუბიექტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 95.4 პროცენტი კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4.6 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში.

ამასთან, საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 53.2 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიური რაოდენობა 38.1 ათას კაცს შეადგენს.

200 ნახვა
desktop
mobile catfish