იუსტიციის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდეს

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

როგორც ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, დამოუკიდებელი ექსპერტიზა შესაძლოა ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზის პარალელურად ჩატარდეს, თუმცა, ვინ ჩაატარებს ექსპერტიზას და როდის, ამაზე მინისტრი ჯერჯერობით არ საუბრობს.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ, როგორც კონკრეტულად ამ ადამიანის, ასევე, ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით. იმისთვის, რომ არ დარჩეს არცერთი მცირე კითხვის ნიშანიც კი, საავადმყოფოს პარალელურად არ გამოვრიცხავთ ჩავატაროთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რა ხდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ. თუ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, მოგვიანებით გაიგებთ ამის შესახებ. კონკრეტულ ვადას რაც შეეხება, ამას ვერ გიპასუხებთ. მისი ჯანმრთელობისთვის კეთდება ყველაფერი.

როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური აკეთებდა, და მომავალშიც გააგრძელებს მაქსიმუმის გაკეთებას იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის უფლება იყოს დაცული. როგორც მოგეხსენებათ, ის რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფება „ვივამედის“ კლინიკაში, მას ამჟამად უტარდება ასევე „ემპათიის“ ექსპერტიზა და არ გამოვრიცხავთ სხვა დამოუკიდებლები ექსპერტიზის ჩატარებასაც“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კითხვაზე: თუკი იქნება უცხოელი ექსპერტების დასკვნა, რომ მას საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება, როგორი იქნება სამინისტროს პოზიცია, ბრეგაძემ უპასუხა: „ჯერჯერობით ასეთი დასკვნა არ არსებობს და კარგად მოგეხსენებათ, რომ სასჯელის გადავადებაზე და სასჯელისგან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო“.

„თქვენ რატომღაც ნეგატიურ კონტექსტში საუბრობთ – „თუ ის იქნება ცუდად“, იცით, რომ აუცილებლად ცუდად იქნება? შეიძლება ძალიან კარგად არის და არ აქვს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა. დასკვნა შეიძლება იყოს ორგვარი, ან სამგვარი. თქვენ საუბრობთ რატომღაც მხოლოდ ნეგატიურ სცენარზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ ასეთ სცენარზე. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს დასკვნა, ამ შემთხვევაში სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო. შესაბამისად, რა უნდა ვისაუბრო ჩვენ პოზიციაზე?!“ – განაცხადა ბრეგაძემ და დასძინა: „ჩვენი მანდატის ფარგლებში, როდესაც ჩვენთან არის მსჯავრდებული პატიმარი, ვერ გავუშვებთ მას ვერც საზღვარგარეთ და ვერც ნებისმიერ სხვა ადგილას, თუ ამას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

„პატიმრის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ვმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობის ფარგლებში“, – განაცხადა ბრეგაძემ.

225 ნახვა
desktop
mobile catfish