ოთარ შამუგია შიდა ქართლის რეგიონში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილთან და გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და კომპანიის „აგროქართლი“ მეურნეობა დაათვალიერა.

„შიდა ქართლის რეგიონში შევხვდით ფერმერებს და არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა გავაცანით. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ მხარდამჭერ მექანიზმებზე, რომელსაც სახელმწიფო სოფლის მეურნეობაში წარმოების ყველა რგოლის განვითარებისთვის ახორციელებს. ჩვენი პროექტების ფარგლებში, ჩვენი მხარდაჭერით, ასზე მეტი შემნახველი მეურნეობა არსებობს, რაც ფერმერს საშუალებას აძლევს, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად შეინახონ მოსავალი და შემდგომ, მთელი წლის განმავლობაში მიაწოდონ ბაზარს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კომპანია „აგროქართლი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია; კომპანიამ, 2017 წელს, 10 ჰა-ზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის 96,816 ლარის თანადაფინანსება მიიღო და შეღავათიანი აგროკრედიტითაც ისარგებლა. „აგროქართლმა” სამაცივრო მეურნეობის მოსაწყობად 1,6 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, 600,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 800,000 ლარს აღემატება; სამაცივრო მეურნეობაში 500 ტონა ვაშლის შენახვაა შესაძლებელი.

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ვაშლის ბაღების გაშენება 1,710 ჰექტარზე დაფინანსდა; სახელმწიფო თანადაფინანსება 15 მლნ ლარს აღემატება, მათ შორის, შიდა ქართლის რეგიონში ვაშლის ბაღის გაშენება დაფინანსებულია 1,387 ჰექტარზე 12 მლნ ლარით.

127 ნახვა
desktop
mobile catfish