„ზემო ლარსთან“ შესაძლოა საგანგებო რეჟიმი ამოქმედდეს

ჩრდილოეთ ოსეთის – ალანიის რესპუბლიკის მეთაურის სერგეი მენიაილოს განაცხადებით „ზემო ლარსის“ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან საგანგებო რეჟიმის შემოღება და დროებითი განთავსების პუნქტების გახსნა იგეგმება. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო „ტასს“-ი წერს „სოლოვიულ ლაივის“ ეთერში მენიაილოს მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით.

ახლა მდგომარეობის შეფასება ხდება და დიდი ალბათობით, მივიღებ გადაწყვეტილებას [საკონტროლო გამშვებ პუნქტზე] საგანგებო მდგომარეობის შემოღების და [რუსეთ საქართველოს საზღვართან „ზემო ლარსის“ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან], დროებითი განთავსების პუნქტის მოწმობასთან დაკავშირებით, ვინაიდან იქ ქალები და ბავშვები არიან“,- განაცხადა მენიალიომ.

დღეს, 27 სექტემბერს ასევე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს საზღვართან, „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, უახლოეს პერიოდში სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი მოეწყობა.

რუსული სააგენტო „ტასს“-ი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის შსს-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ 27 სექტემბრის დილის მდგომარეობით, რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ელოდება დაახლოებით 5500 ავტომობილი, მათ შორის 3600-მდე მსუბუქი და 1900 სატრანზიტო, სატვირთო ავტომანქანა.

26 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა, რომ რუსეთის საბაჟო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ ერთი კვირის განმავლობაში, ორივე მიმართულებით, 37 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ და 115 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

მისი სიტყვებით, ეს 23.3%-ით მეტია წინა საანგარიშო კვირასთან შედარებით. ინფორმაცია კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტო „ტასს-მა” გაავრცელა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 26 სექტემბერს ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან საქართველომ დამატებითი პოლიციური ძალები გააგზავნა რუსეთის მოქალაქეების ჭარბ შემოდინებასთან დაკავშირებით.

21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე სახმელეთო სასაზღვრო- გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები გაჩნდა. საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გარდა, საცობებია ყაზახეთის, მონღოლეთისა და ფინეთის საზღვრებზე.

224 ნახვა
desktop
mobile catfish