დღეს თავისუფალი სიტყვის პლაცდარმები საქართველოში, „იმედი" და „პოსტივი" ურცხვად და უსინდისოდ არიან დასანქცირებული, თუმცა ეს ყველაფერი არის ფუჭი, რადგანაც ძალმომრეობით ვერაფერს მიაღწევენ - სასაცილოდ გაიხადეს თავი ამ გადაწყვეტილების შემოქმედებმა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის მხრიდან ორი ქართული ტელეკომპანიის დასანქცირების გადაწყვეტილების მიზანი თავისუფალი სიტყვის დახშობაა.
როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, რაც უფრო მეტად გამოჩნდება სუბიექტური ძალმომრეობა ქართულ თავისუფალ მედიაზე, მით მეტად გაძლიერდება ამ ორი ტელეკომპანიის მხარდაჭერა და თანადგომა.
„დიდმა ბრიტანეთმა სამარცხვინო გადაწყვეტილებების რეიტინგში პირველობა არავის დაუთმო. დიდი ბრიტანეთის ელჩს დღეს მოუწევს ქართული მხარის სამართლიან კითხვებზე პასუხის გაცემა, პატარა საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობით, როგორ ეხმარებიან უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინას სტამბოლში, სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე პრაქტიკულად, უარი ათქმევინა. იმ შეთანხმებაზე, რომლითაც უკრაინა დიდწილად ინარჩუნებდა იმ სტატუს-კვოს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით, რომელიც ომის დაწყებამდე გააჩნდა. დღეს დიდი ბრიტანეთი საქართველოში ტელეკომპანიებს - „იმედს" და „პოსტივის" ასანქცირებს სასაცილო მიზეზით - თურმე, „იმედი" და „პოსტივი" უკრაინის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. მსგავსი ცინიზმი, მსგავსი ამორფული დამოკიდებულება მოვლენების მიმართ არის ალბათ, გამორჩეული იმ გადაწყვეტილებებში, რაც დიდ ბრიტანეთში მიუღიათ. მაგალითად, ნავთობსადენ „დრუჟბას", რომლითაც ევროპაში რუსული ნავთობი და გაზი მიედინება, რომლითაც რუსეთი მილიარდებს იღებს ევროკავშირიდან, თურმე სანქცია უნდა მოეხსნას, იმიტომ რომ სანქციის ახსნა ხელს უწყობს უკრაინას ომში და „იმედი" და „პოსტივი", რომელიც თავისუფალ სიტყვას ქადაგებს, თურმე ახდენენ უკრაინის დესტაბილიზაციას. ერთი რამ იცოდნენ - ქართველ ხალხს „იმედს" ვერ გაუქრობენ. იყო დრო 2007 წელს, ისევ მე-5 კოლონის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხელკეტებით, წიხლებით, იარაღის გამოყენებით დაამსხვრიეს „იმედის" შენობა, სცემეს ჟურნალისტები, მიიტაცეს ტელეკომპანია "იმედი", მაგრამ მერე ყველაფერი შემოტრიალდა ისე როგორც უნდა შემოტრიალებულიყო - "იმედი" დაუბრუნდა მის მფლობელს, ხალხს. დღეს თავისუფალი სიტყვის პლაცდარმები საქართველოში - "იმედი" და "პოსტივი" ასე ურცხვად და უსინდისოდ არიან დასანქცირებული, თუმცა ეს ყველაფერი არის ფუჭი, რადგანაც ერთი რამ იცოდნენ - ძალმომრეობით ვერაფერს მიაღწევენ. რაც უფრო მეტად გამოჩნდება სუბიექტური ძალმომრეობა ქართულ თავისუფალ მედიაზე, მით მეტად გაძლიერდება ამ ორი ტელეკომპანიის მხარდაჭერა და თანადგომა. [გადაწყვეტილების] მიზანია თავისუფალი სიტყვის დახშობა - თავისუფალი სიტყვა არ უნდა ისმოდეს. მათი აზრით, საზოგადოება უნდა იყოს ჩაკეტილი, თავიანთი „ბაბლის", მრუდე, დეგრადირებულ საინფორმაციო ლაბირინთში და ალტერნატიული აზრი, სიტყვა, რომელიც არ ესადაგება დღეს მსოფლიოში მოქმედ არაფორმალური მმართველობის საცეცების შეხედულებებს, უნდა იყოს, მათი შეხედულებით, ამოძირკვული საინფორმაციო ველიდან. ეს არის ამ ყველაფრის ერთადერთი მიზეზი. ცოტა რამ მოეფიქრებინათ მაინც, ერთი არგუმენტი მაინც შეეთხზათ მაინც. "იმედი" და "პოსტივი" ახსენეს უკრაინის დესტაბილიზაციასთან - მსგავსი სისულელე მოუსმენია ვინმეს აქამდე?! ამ უტიფრობას პასუხები სჭირდება და სწორედ ამ პასუხისთვისაა დაბარებული ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში," - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“