აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იმედოვნებს რომ კანდიდატის სტატუსისთვის გაწეული სამუშაო ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი იქნება

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერი გაერთიანდება და იზრუნებს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწეული სამუშაო შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს. ამის შესახებ ელჩმა მედიასთან კომენტარში დღეს, 9 ნოემბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარე ღონისძიებაზე ყოფნისას განაცხადა. მას ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ 8 ნოემბერს საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშისა და შესაბამისი რეზოლუციის პროექტის დამტკიცების შესახებ მოსაზრება ჰკითხეს.

ამერიკის შეერთებული შტატები ევროპარლამენტის წევრი არ არის და ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ჩართული ვიყავით რეზოლუციის პროექტის მომზადებაში. ჩვენ ასევე სინანულს გამოვხატავთ განგრძობადი პოლარიზაციის გამო საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში და ვეთანხმებით მოწოდებას პოლიტიკური აქტორების მიმართ, ერთად გააუმჯობესონ ამბიციური დემოკრატიული მართლმსაჯულების და ანტიკორუფციული რეფორმა. ეს მიმდინარე სამუშაოა და ის უნდა შესრულდეს ინკლუზიურ რეჟიმში. საქართველოს ვენეციის კომისიისა და სხვა ევროპელი ექსპერტებისადმი ასეთი კანონმდებლობის შეთავაზების კარგი პრაქტიკა აქვს, მათგან შეფასების მისაღებად, იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეესაბამება ის ევროპულ სტანდარტს. იმ დროს, როცა ევროპული მომავლისკენ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი შემდეგი ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მიღებაა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია, გაეგზავნოს კანონპროექტი ვენეციის კომისიას მათგან შეფასების მისაღებად, თუ რამდენად შეესაბამება ის ევროკავშირის სტანდარტებს. მომენტი დადგა და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები ქართველი ხალხის ამ მიზანს მიაღწევენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის თქმით. აშშ, ისე როგორც წინა წლებში, განაგრძობს საქართველოს და საქართველოს ხალხის მხარდაჭერას მათი გაცხადებული სურვილის განსახორციელებლად – იცხოვრონ დაცულ, სტაბილურ, გამჭვირვალე დემოკრატიაში.

„ამიტომაც ვართ საქართველოს, საქართველოს ხალხის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროატლანტიკური მომავლის ასეთი ძლიერი მხარდამჭერები. ვიმედოვნებ, საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ჩათვლის, ახლა გაერთიანდება და იზრუნებს, რომ სამუშაო, რომელიც გაწეულია კანდიდატის სტატუსისთვის, შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს. მომენტი დადგა და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები საქართველოს ხალხის ამ მიზანს მიაღწევენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

116 ნახვა
desktop
mobile catfish