შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახლად დანიშნულ ხელმძღვანელი გიორგი გუნცაძე წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, გელა გელაძემ მომსახურების სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები განიხილა.
„შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ, მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან და მომსახურების სააგენტოს ახლად დანიშნულ ხელმძღვანელ გიორგი გუნცაძესთან ერთად, სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტი დაათვალიერა და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.
მინისტრმა ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს წარუდგინა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში, გელა გელაძემ მომსახურების სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები განიხილა.
მინისტრმა მომსახურების სააგენტოს ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო იმ სერვისებს, რომელსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს. გელა გელაძემ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისგან მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.