ივანე ჩხაიძე – ხშირად გამოიყენება ტერმინი ტრიპლდემია, რაც სამი ვირუსის ერთდროულად ცირკულირებას ნიშნავს – სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება

ძალიან ხშირად გამოიყენება ტერმინი ტრიპლდემია, რაც სამი ვირუსის ერთდროულად ცირკულირებას ნიშნავს – სამივე ვირუსის მოსახლეობაზე ზემოქმედება მარტო საქართველოს რეალობა არ არის. კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით მოსახლეობისთვის რთული იქნება ვირუსის პირდაპირი განსაზღვრა,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გრიპის ვირუსის მკვეთრი მატება ჯერ დადასტურებული არ არის, ამასთან, არსებობს მოლოდინი, რომ დეკემბერ-იანვარში გრიპის შემთხვევები მოიმატებს.

„ძალიან ხშირად გამოიყენება ტერმინი ტრიპლდემია, რაც სამი ვირუსის ერთდროულად ცირკულირებას ნიშნავს. ეს არის – გრიპი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და კორონავირუსი. სამივე ვირუსის მოსახლეობაზე ზემოქმედება მარტო საქართველოს რეალობა არ არის.

კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით მოსახლეობისთვის რთული იქნება პირდაპირი განსაზღვრა, თუ რომელია გრიპი, კორონავირუსი და რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ამას ექიმი სჭირდება. სამივე ვირუსს ახასიათებს ცხელება, ხველა და ყელის ტკივილი. გარკვეული განსხვავებაა ტემპერატურის თვალსაზრისით. კორონავირუსის ამ ვარიანტს არ ახასიათებს ხშირი მაღალი ტემპერატურა.

სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ყველაზე ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება. ბრონქიოლიტიც ერთ-ერთი გართულებაა, რომელიც რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით არის გამოწვეული და ძირითადად 2 წლამდე ბავშვებში ფიქსირდება.

იაშვილის კლინიკაში, პაციენტების მომართვიანობა მკვეთრად არის გაზრდილი. იმის გათვალისწინებით, რომ მიმართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში გაზრდილია, რა თქმა უნდა, სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა ხშირი ხდება. დროული მიმართვიანობის შემთხვევაში, დაავადება მართვადია. წლამდე ასაკის ბავშვი ნებისმიერ ვირუსის დროს მაღალ რისკს განეკუთვნება და საავადმყოფოში უნდა იმართოს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

196 ნახვა
desktop
mobile catfish