რუსეთის მოქალაქეები ლარსზე დროისა და თარიღის წინასწარი დაჯავშნის გარეშე ვეღარ გადმოვლენ – ვის შეეხება ახალი რეგულაცია

„რუსეთის ფედერაციაში საავტომობილო გზებისა და საგზაო საქმიანობის შესახებ“კანონში ცვლილებებს, რომელსაც სახელმწიფო სათათბირო ამზადებს, Telegram-არხებზე პანიკა მოჰყვა.

რუსი მომხმარებლები ავრცელებენ ცნობებს, რომ ახალი კანონი, რომელიც ქვეყნის საზღვრის საავტომობილო გზით გადასაკვეთად თარიღისა და დროის წინასწარ დაჯავშნას ითვალისწინებს, რეალურად რუსეთში მოახლოებულ მობილიზაციის ახალ ტალღას უკავშირდება.

თუმცა კანონის ინიციატორმა, სახელმწიფო სათათბიროს ტრანსპორტის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ევგენი მოსკვიჩოვმა RBC-სთან საუბრის დროს ეს ხმები უარყო და განაცხადა, რომ ცვლილებების მიზანი მხოლოდ საზღვარზე საცობების მოხსნაა. მისი თქმით, საზღვრის ავტომობილით გადაკვეთისას თარიღისა და დროის დაჯავშნის ვალდებულება მხოლოდ კომერციულ სატვირთო გადაზიდვებს შეეხება.„ჩვენ მოვხსნით საცობებს, რომლებიც 10-15 კმ სიგრძისაა,“ – აცხადებს მოსკვიჩოვი.

ინიციატივა როგორც რუსი, ასევე, უცხოელი გადამზიდავების კუთვნილ ტრანსპორტს შეეხება და რუსეთის მოქალაქეებზე, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე გავრცელდება. საზღვრის გავლის პროცედურას მთავრობა დაადგენს.სახელმწიფო სათათბიროს მიერ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ის ძალაში 2023 წლის 1-ლი მარტიდან შევა და 2-24 წლის 1-ელ მარტამდე იმოქმედებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საზღვრის გადაკვეთის თარიღისა და დროის დასაჯავშნად საჭირო დოკუმენტების სიას მთავრობა წარადგენს, ასევე, დაასახელებს ტრანსპორტის იმ კატეგორიებს, რომლებიც სასაზღვრო პუნქტების რიგგარეშე გავლას შეძლებენ.ამასთან, მთავრობა დაამტკიცებს მოთხოვნას საზღვრისპირა გზების რეაბილიტაციის, მათ შორის განათებით, სანაგვე ურნებითა და უფასო ტუალეტებით მოწყობილი ავტოსადგომების მშენებლობის შესახებ.ევგენი მოსკვიჩოვის ცნობით, „ეს იქნება აპლიკაცია, რომელშიც ნებისმიერი გადამზიდავი შევა, გარკვეული დროით დარეგისტრირდება და წინასწარ გამოთვლის, თუ რა დროს იქნება საზღვართან. ამასთან, სასაზღვრო პუნქტამდე მისასვლელად ცალკე ხაზი, ე.წ. მწვანე ქუჩა მოეწყობა, რისი დახმარებითაც მძღოლი საზღვარს, 10-15 დღის ნაცვლად, მხოლოდ 20 წუთში გაივლის.“

მისი თქმით, სისტემა მთელ საზღვარზე კი არა მხოლოდ „იმ საგუშაგოებზე იმუშავებს, სადაც პრობლემებია.“ პრობლემურ სასაზღვრო პუნქტებს შორის მან დაასახელა ჩინეთთან არსებული ზაბაიკალის საზღვარი, რუსეთ-საქართველოს საზღვრის ზემო ლარსის მონაკვეთი და აზერბაიჯანთან არსებული იარაგ-კაზმალიარის საზღვარი.

242 ნახვა
desktop
mobile catfish